2020 წლიდან კატალიზატორი სავალდებულო მხოლოდ იმ ავტომობილებისთვის იქნება, რომლებიც რეგისტრაციას პირველი აპრილიდან გაივლიან
ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულება მძღოლებისთვის 2022 წლის პირველი იანვრამდე გადავადდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, 2020 წლიდან კატალიზატორი სავალდებულო მხოლოდ იმ ავტომობილებისთვის იქნება, რომლებიც საქართველოში რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან.
სიახლეა ისიც, რომ 2020 წლიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირების მიზნით ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, გამონაბოლქვში „ცეოს“ დასაშვები მაქსიმალური ზღვარი, დღევანდელი 0.8 პროცენტის ნაცვლად, 0.5 პროცენტი იქნება. ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ასევე 2020 წლის პირველი იანვრიდან თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.
„ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან თხევადი აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ. მისი არქონის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
2022 წლამდე გადავადდა ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულებაც.