საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება
საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გაუმართავი ავტომობილები. რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მალე შედეგი გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო სისტემატურად დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. უკვე მიმდინარე წლიდან ჩვენ დავიწყებთ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს გზებზე, სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.