2020 წლიდან საბაზისო პენსია შესაძლოა, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს
2020 წლიდან საბაზისო პენსია შესაძლოა, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს

სახელმწიფო პენსია, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ღებულობს, 2020 წლიდან შესაძლოა, სპეციალური ინდექსით გაიზარდოს. შესაბამის წესს მთავრობა შეიმუშავებს და დაგროვებით საპენსიო სისტემასთან ერთად აამოქმედებს – ამის შესახებ დღეს, დაგროვებითი პენსიის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს. 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში მინიმალური პენსიის გაზრდა მთავრობას ისევე შეეძლება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. 2020 წლიდან კი, მისი ოდენობა, სავარაუდოდ, სპეციალური ინდექსით დაითვლება. დიდი ალბათობით, პენსიის გაზრდა ინფლაციაზე იქნება დამოკიდებული. ანუ ფასების გაზრდასთან ერთად, პენსიის მოცულობაც მოიმატებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება. ამასთან, შენარჩუნდება სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობა დღეს 180 ლარია.