2019 წლის პირველი იანვრიდან როგორც ასაკობრივი, ასევე შშმ პირთა პენსია გაიზრდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება.
როგორც ჟურნალისტებს კაკაურიძემ განუცხადა, მომავალი წლიდან როგორც ასაკობრივი პენსია, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია გაიზრდება.
მისი თქმით, ასევე გაიზრდება 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსიაც.
„ბიუჯეტის კანონით პენსია განისაზღვრება, სხვა დანარჩენი – მთავრობის დადგენილებით. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
საპარლამენტო კომიტეტებში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს, თუმცა მანამდე მთავრობა ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას მოახდენს.
ბიუჯეტის პროექტით, საქართველოში პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.