2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები 18 პროცენტით მეტს მგზავრს მოემსახურნენ
2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2 486 780 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელს 2 103 126 მგზავრი, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში , 1 870 241 მგზავრს მოემსახურა, რაც 195 192 მგზავრით მეტია 2018 წლის ექვსი თვის მაჩვენებელზე (1 675 049 მგზავრი).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში 247 404 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წლის ექვს თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 190 265 მგზავრი იყო (57 139 მგზავრით მეტი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით იანვარ-ივნისში 365 267 მგზავრმა ისარგებლა, რაც 130 524 მგზავრით მეტია 2018 წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით (234 743 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებს – მესტიის აეროპორტი 2019 წლის იანვარი-ივნისში მოემსახურა 3 282 მგზავრს, რაც 612 მგზავრით მეტია 2018 წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით (2 670 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტი 2019 წლის ექვს თვეში მოემსახურა 586 მგზავრს, რაც 187 მგზავრით მეტია 2018 წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით – 399 მგზავრი.
ამასთან, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აღნიშნავს, რომ 2019 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 18 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს აეროპორტები ჯამში – 3 058 473 მგზავრს მოემსახურა, რაც მხოლოდ 12 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელი 2 719 931 მგზავრი).