2019 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ
2019 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებულია როგორც ასაკობრივი, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსიის 20 ლარით მატება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 12 მილიარდ 997 მილიონი ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების მოცულობა მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიარდ 490 მილიონ ლარს აღწევს, სადაც მათ შორის გათვალისწინებული იქნება ლტოლვილებისთვის ბინით უზრუნველყოფის საკითხი. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 754 მილიონი ლარით დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

„ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას ვიწყებთ. მოგეხსენებათ, რომ ასიგნებები არის განსაზღვრული 12 მილიარდ 997 მილიონით. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს სახელმწიფო თითქმის 13 მილიარდ ლარს დახარჯავს ბიუჯეტიდან. სოციალური, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით არის ხარჯები ფუნქციური ჭრილით თითქმის 5 მილიარდ 400 მილიონზე მეტი. სხვადასხვა მიმართულებით არის ეს თანხები გამოყოფილი. თქვენ ნახავთ, რომ იზრდება პენსიები, ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება, ასევე განათლების დაფინანსება. იზრდება ლტოლვილებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არის, ეს არის იგივე საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა და ა.შ. ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პირველისგან ხარჯების ნაწილში არის 268 მილიონით მეტი. ისტორიულად მსგავსი ციფრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ
სოციალური მიმართულებით დიდი რაოდენობით თანხების მობილიზებას მიესალმებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეს სახელმწიფო ვალის ხარჯზე ხდება.

„პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაიზარდა 350 მილიონი ლარით, სადაც გათვალისწინებული იქნა გარკვეული სოციალური ხარჯები, რომელსაც ჩვენ პირველივე მოსმენის პერიოდში ვეუბნებოდით და ამბობდნენ, რომ ფული არ არის და თურმე საიდანღაც ფული გამოაჩინეს. ვუკიჟინებდით, რომ ექვსი წელია, არ გაზრდილა მეორე ჯგუფის შშმ პირების პენსია და როგორც იქნა, დღეს განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ 20 ლარით მათაც მოემატებათ, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ იღებენ ვალს. ეს ხარჯები გაწეული უნდა ყოფილიყო თავიანთი ფუფუნების ხარჯების, თავიანთი სარესტორნო და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებას სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით ირაკლი კოვზანაძე აბსურდულად აფასებს.

„ეს არის სხვადასხვა მიმართულებით მობილიზებული თანხები, მათ შორის არის გადასახადები, პრივატიზაცია და სხვადახვა ტიპის შემოსავლები, რომელიც ტრადიციულად სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

სესიაზე განხილვის შემდეგ, დოკუმენტი კორექტირებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება.

2019 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებს.