2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის ოთხ სექტორში გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის ოთხ სექტორში გაიზარდა – ენერგეტიკა, სასტუმრო-რესტორნები, კავშირგაბმულობა და სამთო მოპოვებითი მრეწველობა.
ამავე მონაცემებით, 2019 წელს ენერგეტიკაში 193 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 73 მილიონი დოლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. სასტუმრო-რესტორნების ბიზნესში 158 მილიონი დოლარი ჩაიდო, ეს მაჩვენებელი 80 მილიონი დოლარით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, რაც შეეხება სამთომოპოვებით მრეწველობას, აღნიშნულ დარგში ინვესტიციები მხოლოდ 6 მილიონი დოლარით გაიზარდა და 69 მილიონ დოლარს მიაღწია. კავშირგაბმულობაში კი, 2018 წელს 40 მილიონიანი კაპიტალის გადინების შემდეგ, 2019 წელს 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ინვესტიციების კლება დაფიქსირდა საფინანსო სექტორში. შარშან საფინანსო ბიზნესში ინვესტიციები 7 მილიონი დოლარით 262 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 55 მილიონი დოლარით ნაკლები უცხოური ინვესტიცია ჩაიდო სამშენებლო სექტორში – მთლიანობაში 118 მილიონი დოლარი, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები 38 მილიონი დოლარით 102 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მაჩვენებელი სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. საერთო ჯამში, შარშან 1,268 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 0,2 პროცენტით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობა იზრდება. მინისტრის თქმით, გასული წლის მეოთხე კვარტალი ძალიან პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია.
„ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. გასული წლის მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად – შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ მიმდინარე წელს რამე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად, იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკები არ შეუშლის პროცესს ხელს, აღმავალი დინამიკა გაგრძელდება.