მეცნიერების სამყარო არაპროგნოზირებადი და მუდამ ცვალებადია, თუმცა ჩვენ, ჟურნალისტებს, ვინც ყოველდღიურა ვწერთ მეცნიერების შესახებ, შეგვიძლია ადვილად შევნიშნოთ კვლევებში მიმდინარე გარკვეული ტენდენციები.
შესაბამისად, შევეცდებით გავაკეთოთ 2018 წლის რამდენიმე დიდი სამეცნიერო სიახლის პროგნოზი. იმედი გვაქვს, ყველა მათგანი გამართლდება და რა თქმა უნდა, თუ ეს ასე მოხდა, 1tv.ge აუცილებლად გიამბობთ.
პრონოზთა უმეტესი ნაწილი ეფუძნება კარგად ჩამოყალიბებულ მეცნიერებას, რამდენიმე მათგანი დიდწილად სპეკულაციურია, ზოგიერთი კი აშკარად ვულგარული. დაველოდოთ…
1. წარმოუდგენლად გაიზრდება კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა რიცხვი, რადგან ამ საქმეში უკვე ჩაერთო Google-ის ხელოვნური ინტელექტი
ამჟამად, კეპლერის მიერ აღმოჩენილია 2 341 ეგზოპლანეტა; ჩენი პროგნოზით, ამ რიცხვმა 2018 წლის ბოლოსთვის 4000-ს უნდა მიაღწიოს. გზა უკვე გახსნილია, რადგან რამდენიმე კვირის წინ, კეპლერის მონაცემების დამუშავებისას, Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა დედამიწიდან 2545 სინათლის წლის მანძილზე, მზის მსგავს ვარსკვლავთან 8 პლანეტა აღმოაჩინა.
2. ბოლოსდაბოლოს გავიგებთ, საიდან მოდის ჩვენამდე იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები
სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) სულ რაღაც მილიწამებში გამოიმუშავებს იმდენ ენერგიას, რამდენის წარმოებასაც 500 მილიონი მზე დასჭირდებოდა! ისინი შესაძლოა, ყოველ წამში ხდება, მაგრამ ამ დრომდე ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ან სად წარმოიქმნება სამყაროს ეს უმძლავრესი აფეთქებები.
წელს, მკვლევრებმა განმეორებადი FRB-ების წარმოქმნის ადგილს მიაგნეს — პატარა გალაქტიკა, სახელად FRB 121102.
ამ წყაროდან უკვე დაფიქსირებული გვაქვს 150-ზე მეტი სწრაფი რადიოსიგნალი, მათი დეტალური შესწავლისთვის გვაქვს ახალი ხელსაწყოებიც.
შესაბამისად, გონივრულია ვიფიქროთ, რომ 2018 წელს უკვე გვექნება საკმარისი მონაცემები იმისათვის, რათა მათ გამომწვევ მიზეზს მივაგნოთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით ისინი არამიწეირ ცივილიზაციებს არ ეკუთვნის, ერთადერთი არ ხართ, ვინც ამას ფიქრობს.
3. 2018 ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცხელი წელი იქნება… კვლავ
ეს შემთხვევა სულაც არ მოითხოვს დიდ წარმოსახვას. 2013-2017 წლების პერიოდი ყველაზე ცხელი ხუთწლიანი მონაკვეთი იყო, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებია კაცობრიობას. ყოველი ახალი წელი მცირედი სხვაობით ახალ რეკორდს ამყარებდა; სულ არ იქნება გასაკვირი, თუ 2018 წელიც თავის რეკორდს შემოგვთავაზებს.
4. ჩინეთი და ინდოეთი კოსმოსში კარგად დამკვიდრებას განაგრძობენ, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს
დიახ, Blue Origin-სა და SpaceX-შორის გაცხარებული კონკურენციაა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების ირგვლივ. მაგრამ ამ დროს, დედამიწის მეორე მხარეს, ინდოეთი და ჩინეთი საკუთრ თავებს ახალ კოსმოსურ ძალაუფლებებად ამზადებენ; გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს 2017-ში და დიდი გეგმები აქვთ 2018 წლისთვის.
წელს, ინდოეთმა გაუშვა და შემდეგ უკან დაიბრუნა მინი კოსმოსური რაკეტა, რომელმაც სულ რაღაც 18 წუთში ორბიტაზე გაიყვანა რეკორდული ოდენობის, 104 თანამგზავრი. 2018 წელს, ინდოეთს განზრახული აქვს ხომალდის დასმა მთვარეზე. არ დაგავიწყდეთ, რომ მარსის ორბიტაზე უკვე მოძრაობს ინდოეთის ხომალდი, რომელიც გაცილებით ნაკლები დაჯდა (74$ მლნ), ვიდრე ფილმ „გრავიტაციის“ გადაღება.
ჩინეთმა განაცხადა, რომ კონტროლი დაკარგა თავის ერთ ძველ კოსმოსურ სადგურზე, მაგრამ შესაძლოა, არაფერი გსმენიათ ამ ქვეყნის გეგმებზე მრავალჯერად გამოყენების ხომალდის შესახებ, ბნელი მატერიის საძებნელად გაგზავნილ მის ზონდზე, ანდაც მის გეგმებზე 2018 წელს მთვარის ბნელ მხარეს ხომალდის დასმასთან დაკავშირებით.
უბრალოდ ვთქვათ, რომ კოსმოსს საზღვრები არ აქვს…
5. ელონ მასკი რაღაც ისეთს ჩაიდენს, რომ მსოფლიოს აალაპარაკებს
ამ მილიარდერისთვის 2017 დიდებული წელი იყო; სამხრეთ ავსტრალიაში ააგო მზის გიგანტური ბატარეა, გაგვიმხილა გეგმები ახალი საბურღი კომპანიის შესახებ და განაგრძობს კვლევებს მარსზე ადამიანების გაგზავნასთან დაკავშირებით.
თუმცა მასკს დრო იმისათვისაც რჩება, რომ გულშემატკივრებს მუდმივად ამცნოს სიახლეების შესახებ Twitter-ზე, უპასუხოს ბრტყელი დედამიწის საზოგადოების წევრებსაც კი.
სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ 2018 წელს მასკი მართლაც ჩაიდენს რაღაც გასაოცარს.
6. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ხდება ტაბის ვარსკვლავის თავს
კომეტათა გროვა? დაისონის სფერო? პლანეტის არამდგრადი ორბიტა? ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს გარკვიოს, თუ რა ხდება სინამდვილეში გალაქტიკის ამ ყველაზე უცნაური და იდუმალი ვარსკვლავის თავს.
KIC 8462852, ასევე ცნობილი, როგორც ტაბის ვარსკვლავი, აღმოჩენის დღიდან, 2015 წლიდან, მეცნიერთა განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს.
წელს მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ეს ვარსკვლავი, რომელსაც ისეთი უცნაური ჩაბნელებები ახასიათებს, რაც აქამდე სხვა არც ერთ ვარსკვლავში არ უნახავთ — უკვე ძალიან დიდი ხანია, ასე იქცევა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ამჟად არსებულ ჰიპოთეზებს.
მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ვარსკვლავის უცნაური ჩაბნელებების მიზეზი შეიძლება იყოს მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ მის გარშემო აგებული მეგასტრუქტურა.
7. ძალიან ბევრი რამ დაუკავშირდება ნაწლავის ბაქტერიას
2017 წელს კინაღამ ვიფიქრეთ, რომ სხვა არაფერი ვართ, თუ არა ნაწლავის ბაქტერია. ყველაფერი, დაწყებული დეპრესიითა და გულის შეტევებით, დამთავრებული პარკინსონის დაავადებითა თუ ემოციებით, 2017 წელს ნაწლავის ბაქტერიას დაუკავშირეს. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
8. დეპრესიის საწინააღმდეგოდ, გაიზრდება არაკანონიერი მედიკამენტების მოხმარება
როგორც ადრეული კვლევები მიუთითებს, ისეთ პრეპარატებს, როგორებიცაა კეტამინი და ასევე ე. წ. ჯადოსნური სოკოები, გასაოცარი პოტენციალი აქვთ დეპრესიისა და მღელვარების სამკურნალოდ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ისინი დიდწილად აკრძალულია.
9. ძალიან ბევრს გაიგებთ გასაოცარი გრაფენის შესახებ. თუმცა, კომერციულად ხელმისაწვდომი ის ჯერ არაა
გრაფენს ჯერ მხოლოდ კარზე ვუკაკუნებთ. ეს გახლავთ ნახშირბადის ერთფენიანი შრე, რომელიც შედგება ექვსკუთხა ბადის ფორმით ჩამწკრივებული ატომებისაგან. ამ სუპერგამტარს აქვს თითქმის უშრეტი ენერგია. იქნებ ვინმემ შესძლოს და იპოვოს მარტივი გზა, რათა მისი წარმოება გაიაფდეს და მასობრივად ხელმისაწვდომი გახდეს?
10. შავი ხვრელები კვლავ გადაგვიყვანენ ჭკუიდან
ყველამ ვიცით, რომ შავი ხვრელები განსაცვიფრებელია, მაგრამ ჩვენი პროგნოზით, 2018 წელს ისინი გაცილებით სუნთქვისშემკვრელი გახდებიან. დიდი ალბათობით, წლის დასაწყისში ვიხილავთ შავი ხვრელის ისტორიაში პირველ ფოტოს. მათ გრავიტაციული ტალღებზე ნადირობას განაგრძობს LIGO-ც, რომელიც მრავალ სიურპრიზს გვპირდება.
11. დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა შეიძლება იპოვოს ნაწილაკები, რომლებიც ფიზიკის განონებს უგულებელყოფენ.
ეს იქნება რაღაც ძალიან რთული, თუმცა გასაოცარი, რევოლუციური…
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით