2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 31%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,103,151 მგზავრს მოემსახურა, რაც 31 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1,607,892 მგზავრი).
მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,675,073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,287,275 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ექვს თვეში მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 28 პროცენტი შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183,632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234,679 მგზავრი შეადგინა.
ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190,272 მგზავრმა ისარგებლა, რაც 43 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133,424 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის ექვს თვეში 3,063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.