ირაკლი კობახიძე - გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6,8 მილიონ მგზავრს მოემსახურება
ირაკლი კობახიძე - გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6,8 მილიონ მგზავრს მოემსახურება

გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6,8 მილიონ მგზავრს მოემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები.

„სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრია. კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მილიონ-ნახევარი მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6,8 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

დამეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. პირველ რიგში, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას.

კერძოდ, წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. ეს პროექტი უკვე წარდგენილია საზოგადოების წინაშე. ასევე დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.