2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლაა დაგეგმილი
2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლაა დაგეგმილი

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია, რომელიც   2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა).

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტით, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად,  ფინანსთა სამინისტროს მიერ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით გამოიყო 35 მლნ ლარი, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, სურსათის ეროვნულმა საგენტომ განახორციელა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურები და გამარტივებული შესყიდვის პირობებში, სამი მომწოდებლისგან (აღსანიშნავია, რომ პროცესში ჩაერთო პრეპარატის მომწოდებელი ფაქტობრივად ყველა კომპანია) შეიძინა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ქიმიური პრეპარატები, რომლისთვისაც 15 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, 2018 წელს გაძლიერდება აზიური ფაროსანას  მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო შეიძენს 100 ათასზე მეტ ფერომონს, რომლებიც განთავსდება  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. ამ მიზნით, გათვალისწინებულია  360 ტონა პრეპარატის  გამოყენება.  გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია 120 ერთეული სპეციალური მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ტექნიკის  შეძენა, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს“, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დახმარების ფორმატში,  USAID-ის მიერ, გათვალისწინებულია 17 ერთეული სატრაქტორე აგრეგატის  შესყიდვა, ევროკავშირის მიერ 17 შესაწამლი აპარატის შეძენა, 37 მაღალი გამავლობის მანქანის შეძენა ჩინეთის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

 

გარდა ამისა, 2018 წელს, იმუშავებს უწყებათშორისი საკოორდინაციო სამუშაო შტაბი, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლები.