2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება
2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა.
„გადაიხედება მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 ათასამდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზარდოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ძლიერ, თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.
„ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მეთოდით. სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები, ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემათ თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების მეთოდოლოგიის სწავლების ნაწილში. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და პასუხობდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს. დღეს გარემო ჩვენს ირგვლივ იცვლება სწრაფად, ასეთი დინამიკის პირობებში, რათა ბავშვმა, მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განვითარებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო თუ პერსონალურ უნარ-ჩევებს. ძლიერი, თანამედროვე სკოლა უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს, შეძლებისდაგვარად უნდა ვითარდებოდეს ის ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.