2017 წლის 7 ეპიკური სამეცნიერო აღმოჩენა
2017 წლის 7 ეპიკური სამეცნიერო აღმოჩენა

2017 მეცნიერებისთვის უბრალოდ ბრწყინვალე წელი იყო — აღმოაჩინეს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება, მოუხელთებელი დროის კრისტალები, ბოლოსდაბოლოს მოხდა უდიდესი გარღვევა კვანტურ კომუნიკაციებში და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ.

მაგრამ შეუძლებელია, მეცნიერების თავგამოდებულ ფანებსაც კი არ გამორჩენოდათ გასაოცარ სამეცნიერო სიახლეთა გარკვეული ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად მილიონობით ახალი კვლევა ტარდება.

სწორედ ამიტომ, ყოველგვარი განსაკუთრებული თანმიმდევრობის გარეშე, შევაგროვეთ ამ წლის ზოგიერთი საოცარი სამეცნიერო ამბავი, რომლებიც ჩვენი აზრით, განსაკუთრებულია ან უბრალოდ, მეტ ყურადღებას იმსახურებს.

1. ალბათ აუცილებლად შეიტყვეთ ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შესახებ, მაგრამ რაც შეეხება ერთმანეთის გარშემო მოძრავ გიგანტურ შავ ხვრელებს?

ივნისში, ასტრონომთა დიდი ჯგუფი ბოლოსდაბოლოს დააკვირდა რაღაც ისეთს, რის შესწავლასაც ორ ათეულ წელიწადზე მეტი მიუძღვნეს — დედამიწიდან 750 მილიონი სინათლის წლით დაშორებული სუპერმასიური შავი ხვრელის წყვილი.

ეს თეორიული მოვლენა უნდა ხდებოდეს ორი გალაქტიკის შეჯახება-შერწყმის შემდეგ, მაგრამ ამ წლამდე, არავის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ეს მართლაც ასე ხდებოდა. თუმცა, ახლა უკვე გვაქვს.

2. ციცქნა არსებები — ნელამავალნი დედამიწაზე ყველა სხვა არსებაზე მეტხანს იცოცხლებენ

ფუმფულა, უცნაური, ე. წ. წყლის დათვი (Milnesium tardigradum) ალბათ ერთადერთი ქმნილებაა, რომელსაც ჩვენმა პლანეტამ ნამდვილი სუპერძალა უბოძა.

უკვე ვიცით, რომ ნელამავალნი თითქმის ურღვევები არიან, შეუძლიათ გადაურჩნენ უკიდურეს სიცხეს, უკიდურეს სიცივეს, ვაკუუმს, მათთვის არაფერია გახმობაც კი — ამ მდგომარეობაში შეიძლება ისინი წლობით იყვნენ, მაგრამ მაინც ცოცხალნი.

2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ნელამაველებს შეუძლიათ გადაურჩნენ კოსმოსიდან ჩვენთვის თავსდატეხილ თითქმის ნებისმიერ აპოკალიფსს — იქნება ეს მომაკვდინებელი გამა-გამოსხივება თუ ასტეროიდის ჩამოვარდნა.

3. დედამიწაზე სიცოცხლე შეიძლება მეტეორიტებმა მოიტანა

მრავალდარგობრივმა კვლევამ, რომელშიც ჩართული იყო ასტროფიზიკა, ქიმია და გეოლოგია, უფრო მეტი წონა შესძინა ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ერთ დროს სრულიად მკვდარ ჩვენს პლანეტაზე, სიცოცხლისათვის აუცილებელი პირველი ელემენტები კოსმოსიდან მოვიდა.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, როდესაც კოსმოსური ნამსხვრევები ახალგაზრდა დედამიწის ზედაპირზე არსებულ თბილ, ტალახიან ტბორებში ცვიოდა, მოლეკულები იმ გზით, მართებულად ჩამწკრივდნენ, რათა რნმ-ის პოლიმერები წარმოექმნათ. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დამაჯერებელი, მყარი მოდელია.

4. სხვათა შორის, მარსზე თოვს

შესაძლოა, ეს ერთადერთი პლანეტაა, რომელიც მთლიანად დედამიწიდან გაგზავნილი რობოტებაა „დასახლებული“, მაგრამ წითელი პლანეტის შესახებ ჯერ მართლაც არ ვიცით ძალიან ბევრი რამ. რა თქმა უნდა, მარსი ინტენსიური კვლევებისა და სამომავლო კოსმოსური მისიების საგანია და შესაბამისად, მას ნამდვილად მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

2017 წლის აგვისტოში, პლანეტარულმა მეცნიერებმა მარსის ამინდის შესახებ გამოავლინეს რაღაც ძალიან უცნაური — როგორც ჩანს, ღამღამობით, წითელ პლანეტაზე ინტენსიური, თოვლიანი ქარბუქი მძვინვარებს; ძირითადად, „თოვს“ ყინულის ციცქნა ნაწილაკები და პლანეტის ზედაპირი თრთვილით იფარება.

იქიდან გამომდინარე, რომ მარსზე ძალიან ცოტა წყალია, ეს აღმოჩენა მართლაც მოულოდნელი იყო.

5. 100 წლის მედიკამენტმა აუტიზმის მკურნალობაში გასაოცარი შედეგი აჩვენა

პირველად ისტორიაში, სამკურნალო საშუალება, რომელსაც როგორც წესი, საძილე საშუალებად გამოიყენებდნენ, კვლევისას გამოსცადეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის (ASD) მქონე ვაჟთა ჯგუფში.

შედეგები აბსოლუტურად განსაცვიფრებელი აღმოჩნდა — მხოლოდ ერთი დოზის შემდეგ, მათი ASD-ის სიმპტომები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესი მტკიცებულება აუტიზმის „უჯრედული საფრთხის ჰიპოთეზისთვის“, რაც აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდია ამ აშლილობის სამკურნალოდ.

6. გასაოცარი გარღვევა დაფიქსირდა დიაბეტის მკურნალობაში

აპრილში, მკვლევრებმა განაცხადეს ინსულინის მწარმოებელი სრულიად ახალი სახის უჯრედის აღმოჩენის შესახებ, რომელიც პანკრეასში, ჩვენი თვალთახედვის მიღმა იმალებოდა.

მათ „უმანკო ბეტა უჯრედები“ უწოდეს და სრულიად ახალ გზას ხსნის იმ მცენიერთათვის, რომლებიც I ტიპის დიაბეტს სწავლობენ და ცდილობენ ახალი, უკეთესი სამკურნალო საშუალებების შექმნას.

7. ფიზიკოსებმა პრინც რუპერტის წვეთების საიდუმლო ამოხსნეს

 

პრინც რუპერტის წვეთები, იგივე ბატავიური ცრემლები ურთულესი წვეთებია, რომლებიც მზადდება გამდნარი მინის წყალში ჩაწვეთებით.

შედეგად მიღებული ცრემლის ფორმის წარმონაქმნები უკიდურესად მძლავრია და აქვს სქელი დაბოლოება. მნიშვნელობა არ აქვს, გინდ თოფი ესროლეთ, გინდაც ჩაქუჩი ურტყით — მათი დამსხვრევა შეუძლებელია. მაგრამ საკმარისია დააწკაპუნოთ წვეთების კუდის დაბოლოებაზე და უცბად, მთლიანი წარმონაქმნი ნაკუწებად იქცევა.

თითქმის 400 წელია, მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ ხდება ასე. თუმცა ახლა, ყველაფერი ნათელია — საქმე ეხება სიძლიერისა და სიმყიფის უცნაურ ბალანსს, რაც როგორც გაირკვა, მოდის წარმოუდგენლად დიდი დაძაბულობის მქონე მინის თხელი ზედაპირის ქვეშიდან.

 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით