2017 წელს სასამართლომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების შესახებ შუამდგომლობების 19.4 % დააკმაყოფილა
2017 წელს პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა იმ პირთა 26%-ზე, ვიზეც სასამართლო დევნა იყო დაწყებული, – ნათქვამია საქართველოს მთვარი პროკურორის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 30% იყო.
ამავე ანგარიშით, სასამართლომ პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების 19.4 % დააკმაყოფილა.
როგორც მთავარი პროკურორის ანგარიშშია აღნიშნული, პატიმრობის შემცირების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი დანაშაულისთვის ბრალდებული პირების მიმართ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა.
„კერძოდ, სსკ-ის 108-ე (მკვლელობა), 109-ე (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) და 179-ე (ყაჩაღობა) მუხლებით ბრალდებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ხდება პატიმრობის მოთხოვნა. 2014-2017 წლებში საქართველოს სსკ-ის 108-ე, 109-ე, 19-108-ე, 19-109-ე მუხლებით ბრალდებული ყველა პირის მიმართ პროკურორების მიერ მოთხოვნილი იქნა პატიმრობის შეფარდება. ასევე, 2014 წელს სსკ-ის 179-ე მუხლით ბრალდებულთა 99.4%-ის მიმართ, ხოლო 2015-2017 წლებში ამ მუხლით ბრალდებულთა 100%-ის მიმართ მოთხოვილი იქნა პატიმრობა. რაც შეეხება 117-ე მუხლით ბრალდებულ პირებს, 2014 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა ამ დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულთა 79%-ის მიმართ, 2015 წელს – 81%-ის, 2016 წელს – 87%-ის, ხოლო 2017 წელს – 93%-ის მიმართ. ზემოაღნიშნულ მუხლებზე პატიმრობის მოთხოვნა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სასამართლოს მიერ კმაყოფილდება“, – ნათქვამია მთავარი პროკურორის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, პატიმრობის შემცირების პარალელურად, ბოლო წლებში შემცირებულია დევნადაწყებული პირების მიმართ საპატიმრო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2017 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში დღეს წარუდგინა.