2017 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანათა სიის სათავეში სირია და მექსიკა ფიგურირებს.
გარდაცვლილთაგან 26 უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. ისინი ავიადარტყმებს, საარტილერიო ცეცხლსა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ემსხვერპლნენ. 39 კორესპონდენტი კი, რომელთა მასალებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს, განზრახ მკვლელობის მსხვერპლია.
ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:
სირია – 12,
მექსიკა – 11,
ერაყი – 9,
ავღანეთი -8,
ინდოეთი -4,
ფილიპინები-4,
სომალიში 4,
რუსეთი – 1,
მალტა – 1,
სამხრეთ სუდანი -1,
ჰონდურასი -1,
დანია-1,
კოლუმბია -1,
ბრაზილია -1,
ბირმა -1,
ბანგლადეში -1
ყველაზე გახმაურებული მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა გახდა. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების, მათ შორის მალტის პრემიერ-მინისტრის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ ხშირად წერდა. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ათი პირიდან სამს ბრალი აქვს წაყენებული.
პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით, 326 ჟურნალისტი დააკავეს, 54 კი ტყვეა, ორი კორესპონდენტი დაკარგულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემები შემცირებულია. 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა.