„ჯორჯიან მანგანეზმა“, ჭიათურისა და ზესტაფონის მერებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა
„ჯორჯიან მანგანეზმა“, ჭიათურისა და ზესტაფონის მერებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის ომის გმირების – შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა ზესტაფონისა და ჭიათურის მერებთან ერთად მოინახულეს და ფულადი დახმარება, თითოეულს 10 000 ლარი გადასცეს.

კომპანიის წარმომადგენლის, დირექტორთა საბჭოს წევრის, თემურ ხონელიას განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ეს გადაწყვეტილება სამშობლოს შეწირული გმირების ოჯახების დასახმარებლად მიიღო.

მისივე თქმით, ამ ქმედებით, კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს სურს, ქვეყნისთვის თავდადებული გმირების ხსოვნისადმი თავისი პატივისცემა გამოხატოს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ გადაწყვიტა, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების – შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით. გვსურს, გავიზიაროთ ამ ოჯახების ტკივილი და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს ამ ოჯახებს და სწორედ ამიტომ ვეწვიეთ დღეს მათ, რომ გაგვეცნო ჩვენი გადაწყვეტილება – ორივე ოჯახს კომპანია, დახმარების სახით, ათი ათას -ათი ათას ლარს გადასცემს. გვინდა, ამ აქციით, კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოვუწოდოთ, რომ სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანა არასდროს დაივიწყებს ამ ადამიანების გმირობას”, – განაცხადა თემურ ხონელიამ.

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის ეხმარება შმაგი კუპატაძის ოჯახს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქოს მათ ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტომ მოუტანათ.

„მთელი საქართველო მოვალეა ამ ოჯახის წინაშე“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქველმოქმედო აქციებით გმირების ოჯახები საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობენ და ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამასთან, მერმა კერძო სექტორს მსგავს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, ეს თანადგომა და ყურადღებაა ოჯახისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოჯახებს ეხმარება. ისინი არ ივიწყებენ გმირებს, ისევე, როგორც სახელმწიფო. ჩვენ მათ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ“, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

2008 წელს, რუსულმა ავიაციამ იერიში პირდაპირ იმ ოცეულზე მიიტანა, რომელშიც ჭიათურელი რიგითი კაპრალი – შმაგი კუპატაძე მსახურობდა. მისი ოცეული ალყაში მოექცა. შმაგი კუპატაძე გმირულად დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ, ის მხედრული მამაცობისთვის, მედლით დაჯილდოვდა. აგვისტოს ომის მეორე გმირი, ზესტაფონის მკვიდრი, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე აგვისტოს ომამდე, ერაყშიც იბრძოდა, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა, რომელთაგანაც უმცროსი, მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა. ზაზა ფერაძეს გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსნის მედალი მიენიჭა.

ასევე, ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ სკოლას, რომელიც ომის გმირმა, შმაგი კუპატაძემ დაამთავრა, მისი სახელი მიენიჭოს.