2002 წელს ბალიზე ტერაქტების ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი აბუ ბაქარ ბაშირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
2002 წელს ბალიზე ტერაქტების ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი აბუ ბაქარ ბაშირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ინდონეზიაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს რადიკალი მუსლიმი ღვთისმსახური აბუ ბაქარ ბაშირი, რომელიც 2002 წელს ბალიზე მომხდარი ტერაქტების ორგანიზებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

82 წლის აბუ ბაქარ ბაშირს ჯაკარტის სამხრეთი მდებარე საპატიმროსთან ოჯახის წევრები დახვდნენ და ის ცენტრალურ იავაში მდებარე სახლში წაიყვანეს.

აბუ ბაქარ ბაშირი ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტური ქსელის „ჯემაა ისლამიას“ სულიერი ლიდერია. მას 2011 წელს აჩეჰის პროვინციაში ისლამისტი მებრძოლების საწვრთნელ ბანაკთან კავშირისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმის მიუხედავად, რომ ინდონეზიის პოლიცია და დასავლური სადაზვერვო სამსახურები აცხადებდნენ, რომ ბაშირს კავშირი აქვს 2002 წლის ბალის ტერაქტებთან, ასევე 2003 წელს ჯაკარტაში სასტუმრო „მერიოტზე“ თავდასხმასთან, მისთვის აღნიშნული საქმეების გამოძიების ფარგლებში ბრალი არასდროს წაუყენებიათ.

2002 წელს ბალიში მომხდარი თავდასხმების სერიას 202 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 88 ავსტრალიელი იყო. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერის პეინმა განაცხადა, რომ ინდონეზიის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ აბუ ბაქარ ბაშირმა ძალადობის პროვოცირება აღარ მოახდინოს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბაშირმა 2014 წელს ციხეში ყოფნის დროს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

ინდონეზიის ანტიტერორისტულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაშირი დერადიკალიზაციის პროგრამას გაივლის.