20-21 ივნისს დაზარალებულებისთვის სტატუსის მისანიჭებლად საია-მ სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 16 პირის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.
საია სასამართლოში ითხოვს პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 16 პირისთვის (მათ შორის 8 ჟურნალისტი) დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საია-მ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა, თუმცა, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.
„პროკურატურა განმარტავს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ერთი მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები“, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საიას- ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით, შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად.