1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი ამოიცნეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ძალისხმევის შედეგი, რომლის ამოცანაა 1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მათი ხვედრის დადგენა. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოჯახების ინფორმირება მათთვის ნეშტების გადაცემისა და ოფიციალური ცერემონიის შესახებ.
„დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზოუკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ, იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“, – აღნიშნა ბილიანა მილოშევიჩმა, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
„მას შემდეგ, რაც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზოუკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტიდან 148 ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავისი ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მანდატიდან გამომდინარე, მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რათა ოჯახებმა პასუხი მიიღონ დაკარგული ახლობლების შესახებ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოუწოდებს ყველა იმ პიროვნებას, ვინც ფლობს რამე ინფორმაციას უგზოუკვლოდ დაკარგული ქართველი, აფხაზი ან ოსი ადამიანების და სავარაუდო სამარხების შესახებ, დაუკავშირდეს მას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას კონფიდენციალობის სრული დაცვით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის მიზნებისთვის გამოიყენებს“, – ნათქვამია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.