ამერიკული კომპანია „ნაიკის“ (Nike) მიერ 1972 წელს წარმოებული სპორტული ფეხსაცმელი „ნაიკი მუნ შუ“ (Nike Moon Shoe) „სოტბის“ აუქციონზე 437.5 ათას დოლარად გაიყიდა.
უნიკალური ფეხსაცმელი, რომელიც თავის დროზე მხოლოდ 12 წყვილი გამოუშვეს, კერძო კოლექციონერმა მაილს ნადალმა საკუთარი მუზეუმისთვის შეიძინა. ლოტის საწყისი ფასი იყო 160 ათასი დოლარი.
„მუნ შუ“ 1972 წლის ოლიმპიადისთვის „ნაიკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბილ ბაუერმანმა შექმნა. ეს ფეხსაცმელი ხელით მზადდებოდა. ლეგენდის თანახმად, იმ მომენტისთვის უნიკალური „ვაფლის“ ლანჩი ბაუერმანმა ჩვეულებრივი ვაფლის ყალიბში რეზინის ჩასხმით მიიღო.
სპორტულ ფეხსაცმელში გადახდილი თანხის მიხედვით, მაილს ნადალმა ახალი რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი უდრიდა 190 ათას დოლარს – სწორედ ეს თანხა გადაიხადეს „კონვერსის“ (Converse) სპორტულ ფეხსაცმელში, რომლითაც თვით მაიკლ ჯორდანი თამაშობდა ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე.