179 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტის ატმოსფეროში წყალი აღმოაჩინეს
ეგზოპლანეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება უკიდურესად რთულია. დედავარსკვლავების სინათლე თავად პლანეტების სინათლეს ახშობს, რაც ტელესკოპებს მათზე დაკვირვებას ურთულებს.
თუმცა ახლახან, კეკის ობსერვატორიის მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, ასტრონომთა ჯგუფმა ეგზოპლანეტათა კვლევაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა — ჩვენგან 179 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტის ატმოსფეროში მათ წყალი დააფიქსირეს.
ეს გახლავთ ვარსკვლავური სისტემა HR 8799 და მისი პლანეტები — HR 8799 b, c, d და e. სისტემა დედამიწიდან 179 სინათლის წლის მანძილზე, პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.
თავად დედავარსკვლავი 30 მილიონი წლისაა და მიეკუთვნება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა ჯგუფს. იგი გამორჩეულია მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის არის უცნაური ვარსკვლავური მახასიათებლები.
თუმცა, იგი განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.
2008 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კეკისა და ჯემინის ტელესკოპებით პირდაპირი დაკვირვებები განახორციელეს ამ ვარსკვლავის გარშემო არსებულ სამ ეგზოპლანეტაზე — HR 8799b, c და d. 2010 წელს მათ იქ მეოთხე ეგზოპლანეტა, HR 8799 e-ც აღმოაჩინეს.
ახლახან ასტრონომებმა დაკვირვებები აწარმოეს პლანეტა HR 8799 c-ზე, რომელიც ახალგაზრდა გაზის გიგანტი პლანეტაა, იუპიტერზე 7-ჯერ მასიური და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 200 წელიწადში ერთხელ.
ამ პირდაპირი დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ პლანეტის ატმოსფეროში არის წყალი და თითქმის არ არის მეთანი.
დაკვირვებები შესაძლებელი გახდა კეკის ტელესკოპის ორი ტექნოლოგიის კომბინაციის წყალობით. პირველი მათგანია ადაპტაციური ოპტიკა.
ადაპტაციური ოპტიკა ანეიტრალებს დედამიწის ატმოსფეროთი გამოწვეულ ხელისშემშლელ ეფექტებს. მეორე ტექნოლოგიაა კეკის ტელესკოპის მაღალრეზოლუციური სპექტრომეტრი NIRSPEC-ი, რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს.
კვლევის თანაავტორის, დიმიტრი მაუეტის განცხადებით, ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენებითაც მომავალში დედამიწის მსგავს პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების მოძებნას გეგმავენ.
ასტრონომებს პირდაპირი გადაღების მეთოდით ამ დრომდე სულ რამდენიმე ეგზოპლანეტა აქვთ შესწავლილი. თუმცა, HR 8799 მათ შორის პირველი მრავალპლანეტიანი სისტემაა.
გადაღების შემდეგ, იწყება სურათებს ანალიზი, რათა გაირკვეს პლანეტის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა. სწორედ აქ ხდება საჭირო სპექტროსკოპია.
კეკის ტელესკოპის სპექტრომეტრი NIRSPEC-ი L-დიაპაზონში მუშაობს. L-დიაპაზონი არის ინფრაწითელი სინათლის ტიპი 3,5 მიკრომეტრიანი ტალღის სიგრძით, სპექტრის ის რეგიონი, რომელიც ქიმიური ხელწერის მრავალ დეტალს მოიცავს.
L-დიაპაზონის სპექტროგრაფიისა და ადაპტაციური ოპტიკის კომბინაციით დაიძლევა პლანეტაზე დაკვირვების ის მრავალი სირთულე, რომელიც დედავარსკვლავის ჭარბი სინათლით არის გამოწვეული. ამ მეთოდით, ასტრონომებმა პლანეტის უზუსტესი კვლევა ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ მის ატმოსფეროში არის წყალი, მაგრამ არ არის მეთანი.
მკვლევართა ჯგუფი ამჟამად კეკის ობსერვატორიაში ახალ და უკეთეს ინსტრუმენტს ამზადებს. მისი სახელია KPIC-ი.
KPIC-ი ასევე ადაპტაციურ ოპტიკასა და სპექტრომეტრიას გამოიყენებს, მაგრამ უკეთესი ეფექტით. შედეგად, ასტრონომებს შეეძლებათ უფრო მკრთალ პლანეტებზე დაკვირვება.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.