17:00 საათისთვის ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 44,42 პროცენტი შეადგინა
17:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 44,42 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ფანჯაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 38 000 ამომრჩევლიდან უბნებზე 16 615 ადამიანი მივიდა, რაც პირველი ტურის მონაცემებს 8,32 პროცენტით აღემატება.
„ოლქში შემოვიდა სულ სამი საჩივარი და ერთი განცხადება. სამივე საჩივარი 69-ე უბნიდან შემოვიდა, განცხადება კი ახლა შემოიტანა ჩვენი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თეონა ჭალიძემ. ყველა დარღვევა პროცედურული ხასიათისაა“, – განაცხადა პაატა ფანჯაკიძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.