17:00 საათის მონაცემებით, ჩუღურეთის რაიონში ამომრჩეველთა აქტივობა 46,6 პროცენტს შეადგენს
17:00 საათის მონაცემებით, ჩუღურეთის რაიონში ამომრჩეველთა აქტივობა 46,6 პროცენტს შეადგენს.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თინათინ კალმახელიძემ განმარტა, ოლქში სულ ხუთი საჩივარი შევიდა, რომელიც პროცედურულ საკითხებს ეხება.
ოლქის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ მოქალაქეს მის გრაფაში სხვისი ხელმოწერა დახვდა. თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს შემთხვევით მოხდა და ასეთ დროს, სხვა მოქალაქეს არ ეზღუდება ხმის მიცემის უფლება.
„მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს არჩევნები. სერიოზული დარღვევა ჩვენამდე არ მოსულა. თუკი უბანზე დარღვევა მოხდებოდა და აღმოიფხვრებოდა, იცით, რომ საოლქოში არ მოდის. საოლქოში დაფიქსირდა მხოლო ხუთი საჩივარი, რომელიც არ არის სერიოზული დარღვევა. მაგალითად, კომისიის წევრი სპეცფორმით ვერ მოვიდა, დააგვიანდა ჩაცმა. ამასთან, საჩივარი იყო წილისყრაზეც“, – განაცხადა თინათინ კალმახელიძემ.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკეშია, ყველაზე დაბალი ისანში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.