17 აპრილს თბილისში კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორი ჩამოვა
17 აპრილს თბილისში კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორი ჩამოვა

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორი კარელ ოხი ჩამოდის. ვიზიტის მთავარი მიზანი ფესტივალისთვის ქართული ფილმების შერჩევაა. შესაბამისად, რამდენიმე დღის მანძილზე, კარელ ოხი არაერთ ახალ სრულმეტრაჟიან და დოკუმენტურ ქართულ მხატვრულ ფილმს ნახავს.

კარელ ოხი თბილისში 17 აპრილს ჩამოვა. კინოფესტივალის დირექტორისთვის ეს უკვე მეორე სამუშაო ვიზიტი იქნება საქართველოში.

კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორის თანამდებობას კარელ ოხი 2010 წლიდან იკავებს. მანამდე იგი ფესტივალის კომიტეტის წევრი იყო.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი ფესტივალების უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ჩეხეთში 1946 წლიდან იმართება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოღონისძიებად ითვლება და ყოველწლიურად უამრავ ცნობილ და წარმატებულ კინემატოგრაფისტს მასპინძლობს.

საქართველო კარლოვი ვარის კინოფესტივალზე არაერთხელ წარდგა. ბოლო წლების განმავლობაში, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა სამჯერ აიღეს ფესტივალის ჯილდო – Crystal Globe.