16 წლის მოზარდმა ის სამართალდამცავები ამოიცნო, რომლებიც მისი მტკიცებით, მასზე ძალადობაში მონაწილეობდნენ
10-საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 16 წლის მოზარდმა, რომელიც ათამდე სამართალდამცავს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, ქვემო ქართლის პროკურატურის შენობა დატოვა.
როგორც მოზარდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ოთხი სამართალდამცავი ამოიცნო, მათ შორის ერთი ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი პროკურატურამ დღეს დააკავა.
მოზარდის განმარტებით, მეორე ამოცნობილი არის პოლიციელი, რომელიც მას სექსუალური ძალადობით აშინებდა.
„პოლიციაში რომ მიმიყვანეს, ოქროს ნაწილი იყო დაკარგული. მითხრეს, სად არისო. ვუთხარი, რომ რაც მქონდა მივეცი. შემდეგ სილა გამაწნეს. ერთმა მათგანმა წიხლი დამარტყა, წავიქეცი და ხელი მომტყდა. სწორედ ეს პოლიციელია დაკავებული.
მინდა, ყველა დააკავონ, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში”, – განაცხადა მოზარდმა.
16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, დაკავებული დეტექტივ-გამომძიებელი ერთ-ერთი მათგანია. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.
საქმეზე დღეს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი დააკავეს.