16 მარტიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16 მარტიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ყაზახური ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-თბილისი-ალმათის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ – სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ძალაში შესვლიდან (მარტის ბოლო კვირა), ავიარეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში შვიდჯერ განხორციელდება.

ავიაკომპანია „ეარ ასტანას“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 4 მარტს მიანიჭა.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.