15 წლის ვუნდერკინდმა ვინუს უილიამსი დაამარცხა, ნაომი ოსაკამ წააგო | უიმბლდონი 2019 [ვიდეო]
15 წლის ვუნდერკინდმა ვინუს უილიამსი დაამარცხა, ნაომი ოსაკამ წააგო | უიმბლდონი 2019 [ვიდეო]

უიმბლდონის პირველი დღის მთავარი მატჩი ქალთა ტურნირზე გაიმართა – 15 წლის კორი გაუფი 39 წლის ვინუს უილიამსს ხვდებოდა. სხვაობა ასაკში 24 წელი იყო! მიუხედავად ამისა, ამერიკელმა ვუნდერკინდმა ძალიან დამაჯერებლად, საათსა და 21 წუთში ორ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 6:4.

პირველმა სეტმა და მეორე სეტის დიდმა ნაწილმა ისე ჩაიარა, რომ ვინუს უილიამსი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე. მხოლოდ მეორე სეტის ბოლოსკენ შეძლო მან უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ იქვე გაუფმა კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა.


ტურნირს გამოეთიშა მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი – მეორე ნომერი ნაომი ოსაკა. მან ზედიზედ მეორედ წააგო ბალახზე ყაზახ იულია პუტინცევასთან. იაპონელს თამაში საერთოდ არ მისდიოდა, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი რამდენიმე პასუხის შემდეგ გამოაცხადა, რომ ცრემლების შეკავება უჭირდა და წასვლის ნებართვა ითხოვა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, ოსაკას თამაში საერთოდ არ გამოსდის, რისი მიზეზიც მწვრთნელ საშა ბაჟინთან დაშორებაა.