მორიგი სენსაცია მოხდა როლან გაროსის ქალთა ტურნირზე. კვირას, ტუნისელი ონს ჟაბორისა და ესპანელი გარბინე მუგურუსას წაგებების შემდეგ, ორშაბათს ბრძოლას პირველივე წრეში გამოეთიშა იაპონელი ნაომი ოსაკა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორ სეტში წააგო ამერიკელ ამანდა ანისიმოვასთან – 5:7, 4:6.
პირველ სეტში ოსაკა ორჯერ აგებდა ბრეიკით, მაგრამ ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მეტოქის მესამე ბრეიკს ვეღარ უპასუხა. მეორე სეტში ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ანისიმოვამ მეშვიდე გეიმში შეასრულა. ოსაკას მომდევნო გეიმში ჰქონდა სამი ბრეიკპოინტი, მაგრამ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.
სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები წელს ავსტრალიის ღიას მესამე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ამერიკელმა მოიგო, ოღონდ სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია.