15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება
ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში.
მათივე ცნობით, კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იქნება.
კონკურსის მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.