13 ოპოზიციონერი დეპუტატი ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში ლევან დავითაშვილს იბარებს
13 ოპოზიციონერი დეპუტატი ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს იბარებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, მინისტრის დაბარება ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. მისი თქმით, 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობის შეთანხმება 2020 წლის იანვარში ცალმხრივად შეწყვიტა.
გოცირიძის განცხადებით, სამ წელზე მეტი გავიდა, რაც ანაკლიის პროექტი გაჩერებულია და ამ ხნის განმავლობაში განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთი ცრუ დაპირება ისმის.
გარდა ამისა, დეპუტატებს აქვთ რამდენიმე კითხვა. კერძოდ, ისინი ინტერესდებიან, არსებული მდგომარეობით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში.
„თავდაპირველი პროექტის შესაბამისად, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე სახელმწიფოს, საორიენტაციოდ, უნდა დაეხარჯა 330 მილიონი ლარი. დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ღირებულება ალბათ გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიდრე კერძო ინვესტორი შეირჩევა, მანამდე სახელმწიფო მიმდინარე წელს დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას. იგულისხმება თუ არა ამაში გზების გაყვანაც? რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მიმდინარე წელს, მაშინ, როდესაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის? ახალი პროექტის შესაბამისად, რამდენი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის და რა რესურსებით მოხდება ამ თანხების მობილიზება ბიუჯეტში? რა ეტაპზეა ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტი? როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ინვესტირებული აქვს 75 მილიონი დოლარი. რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს აღნიშნული არასადავო თანხა? მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება და აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით? ამ დავის წაგების შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა? ხომ არ გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას? ასევე, დავის წაგების შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ დათმობა ინვესტორებისთვის?“ – აღნიშნავენ დეპუტატები მიმართვაში.