13 მაისს დაბადებული „ბაიერნიდან“ - კაიშვილი საქართველოს სახელით ითამაშებს #1TVSPORT
13 მაისს დაბადებული „ბაიერნიდან“ - კაიშვილი საქართველოს სახელით ითამაშებს #1TVSPORT

ჯემალ კაიშვილი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ 15-წლამდელთა გუნდის წევრია, საქართველოს სახელით თამაშს დათანხმდა, – ინფორმაციას კრისტალსპორტი ავრცელებს.

მანამდე „სარბიელის“ პოდკასტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააანონსა, რომ მალე საქართველოს მოქალაქეობას (და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლებას) ტოპქვეყნის ტოპგუნდის ფეხბურთელი მიიღებდა.

ინფორმაცია ჟურნალისტმა დიმა შარიქაძემ დააკონკრეტა: 

„მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიის ფეხბურთელმა, ჯამალ კაიშვილმა (15) გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაში. ის მალე საქართველოს პასპორტს აიღებს“.

საინტერესო დეტალია – მიუნხენის „ბაიერნის“ 15-წლამდელთა გუნდის 10 ნომერი ქართული ფეხბურთის წარმატების სინონიმად ქცეულ დღეს, 13 მაისსაა (2008 წლის) დაბადებული.

საქართველოს ნაკრების სასელექციო სამსახური უცხოეთში მოთამაშე ქართველებს დიდი ინტერესით აკვირდება. ბოლო შვიდ წელიწადში ქართული პასპორტი მიიღეს – ვაკო გვილიამ, ბექა ვაჩიბერაძემ, გია გრიგალავამ, საბა საზონოვმა, გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი გონსალვეშ-ჩუბინიძემ და კონსტანტინე მარადიშვილმა.