ტენ ჰაგი - „გალათასარაის“ ერთი შანსიც არ უნდა მივცეთ #1TVSPORT
ტენ ჰაგი - „გალათასარაის“ ერთი შანსიც არ უნდა მივცეთ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცის, როგორ მოუგოს თურქულ გუნდს.

„აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, ემოციების მოთოკვა და საკუთარი თავის კონტროლი, – მიაჩნია ერიკ ტენ ჰაგს, – მეტოქეს ერთი შანსიც არ უნდა დავუტოვოთ და არც მსაჯს მივცეთ საშუალება, რომ თამაშში არასწორად ჩაერიოს.

ვიცით, მოსაგებად როგორ უნდა მოვიქცეთ. მატჩი ჩვენ უნდა წარვმართოთ. „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდებული ისტორია აქვს, მაგრამ ეს ახლა ვერაფერში დაგვეხმარება. ჩვენ მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ.  ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი „გალათასარაისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დღეს, 29 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება.

A ჯგუფში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სავალალო სატურნირო მდგომარეობა აქვს და სამი ქულით ბოლო პოზიციაზეა. „კოპენჰაგენი“ და „გალათასარაი“ ოთხ-ოთხი ქულით მეორე-მესამე ადგილს იყოფენ. ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი კი „ბაიერნია“, რომელსაც ოთხი მოგება და 12 ქულა აქვს.