რადუ დრაგუშინმა „ბაიერნისა“ და „ნაპოლის“ წინადადებაზე უარი თქვა - რუმინელი მცველი „ტოტენჰემში“ ითამაშებს #1TVSPORT
რადუ დრაგუშინმა „ბაიერნისა“ და „ნაპოლის“ წინადადებაზე უარი თქვა - რუმინელი მცველი „ტოტენჰემში“ ითამაშებს #1TVSPORT

რამდენიმე ევროპული წყაროს ინფორმაციით, რუმინელი ცენტრალური მცველი რადუ დრაგუშინი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.

„ჯენოას“ 21 წლის ფეხბურთელის შეძენა „ნაპოლისა“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურდათ, გერმანელებმა იტალიურ კლუბთან შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა თავად დრაგუშინმა ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა აირჩია.

რუმინელის სანაცვლოდ „ტოტენჰემი“ 25 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო მოგვიანებით „ჯენოა“ დამატებით 5 მილიონს მიიღებს. ამასთან ერთად, გენუური გუნდის შემადგენლობაში იჯარის წესით ითამაშებს „ტოტენჰემის“ მცველი ჯედ სპენსი.

ამ მომენტისთვის ლონდონელები ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურები არიან სატრანსფერო თვალსაზრისით. იანვრის „ფანჯრისას“ მათ „ლაიფციგიდან“ იჯარის წესით ტიმო ვერნერი დაიმატეს, რომელმაც 2021 წელს „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რადუ დრაგუშინი 2018 წლიდან ტურინის „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა. ის იჯარის წესით ჯერ „სამპდორიაში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ „ჯენოაში“ გადავიდა.