13 ივნისის სტიქიის ადგილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
13 ივნისის სტიქიის ადგილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია.

ამ დროისთვისმ ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებული არ არის.

„კომენტარს შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ. ეს ტერიტორია ეკუთვნის ჩვენ გამგეობას და ადგილზე სიტუაციის გასაცნობად მოვედით. ვერ გამოვრიცხავთ, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტი 13 ივნისის სტიქიას, თუ აქვე მდებარე სასაფლაოს. ამ დროისთვის არაფრის თქმა შეგვიძლია“,- განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მისული იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.