მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს შეუერთდა [ვიდეო]

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნატო-ს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ალიანსის ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.

„მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სერტიფიცირების პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში ასეულმა ეროვნული შეფასების პირველი, მეორე (SEL 1, SEL 2) და ნატოს შეფასების პირველი დონე (NEL 1) გაიარა. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ასეულს ნატო-ს შეფასების მეორე დონე (NEL 2) ჩაუტარდა.
ასეულის შეფასების პროცესში ქართველ შემფასებლებთან ერთად ალიანსის სახმელეთო ჯარების შტაბისა და პარტნიორი ქვეყნების შემფასებლები მონაწილეობდნენ, რამაც შეფასების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყო. შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ასეულმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანებს და სერტიფიცირება წარმატებით გაიარა“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.