გიორგი გახარია - მოლაპარაკებები გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, ყველა ქვეყანასთან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი მიმოსვლა
გიორგი გახარია - მოლაპარაკებები გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, ყველა ქვეყანასთან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი მიმოსვლა

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, ყველა იმ ქვეყანასთანაც, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი მიმოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს და პლუს 14 ქვეყანასთან შეუძლიათ გახსნან საზღვრები, ეს იყო რეკომენდაცია.

„აქ მთავარი არის ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული და როგორც თავის ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკისა და საფრთხის შემცველი თქვენი სახელმწიფოებისთვის არ იქნება – პირველი მიღწევაა. ამის შემდეგ ყველა სახელმწიფომ, ევროკავშირის წევრმა, მათი შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ზოგმა გაგვიხსნა უპირობოდ, ზოგმა გაგვიხსნა გარკვეული პირობებით. პროცესი დღესაც გრძელდება. ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული. ეს მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობაა, იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

„ამის შემდეგ, აღიარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გონივრულად გადავთარგმნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებში. ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, რათა პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც სჭირდება გონივრული მიდგომა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტუმრებზეა საუბარი. საქმიანი იქნება, თუ იქნება სამედიცინო მიზნებისთვის ჩამოსული ხალხი. სტუდენტები გვყავს დასაბრუნებელი საქართველოში, 20 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავს, რომლებიც სექტემბერში სწავლის პროცესის განახლების შემდგომ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში. ამიტომ მინდა იცოდეთ, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი, გონივრული, ნაბიჯ-ნაბიჯ. უპირველესად, ორიენტებული ჩვენ მოქალაქის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შენარჩუნებაზე და მიმართული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესსაც ხელი შეუწყოს. რაც უნდა მოხდეს ხვალ და ზეგ, ევროკავშირმა ეს 15 ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში ამ სიის გადახედვა მოხდება. როგორ ფიქრობთ, ამ სიის ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან – ყველა იმ ქვეყანასთანაც, სადაც არის შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი მიმოსვლა.

​მიუხედავად იმისა, რა ვადებში და რომელ ქვეყნებთან იქნება აღდგენილი, ფრენებზე ვსაუბრობთ, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვარს გავხსნით. მიუხედავად ამისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის, ორშაბათიდან გაგრძელდება. აქ უკვე რეისების მიმართულება იქნება ბევრად ფართო. ორშაბათს გვექნება პირდაპირი სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან, რა სიხშირით და რა რიცხვში იქნება დანიშნული შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს ემიგრანტებს 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.