11 ბიზნესგაერთიანება „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს წერილით მიმართავს
საქართველოში მოქმედი 11 ბიზნესგაერთიანება ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ერთობლივი წერილით მიმართავს, რომელიც ე.წ. ოქროს სიასთან მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მის ბრძანებას ეხება. ბრძანების თანახმად, ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათი უქმდება.
„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მიმართვის მიზანია, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ბიზნესგაერთიანებებს მინისტრთან სამი კითხვა აქვთ, რომელზეც დაუყოვნებლივ პასუხს ითხოვენ.
„ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. კერძოდ, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთ დღიანი ვადა გავრცელდება: „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე; წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).
მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ: ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ; რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაერთიანებებმა დღეს ფინანსთა სამინისტროში შეიტანეს.
განცხადებას ხელს აწერენ: „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია“, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“, „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება“, „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“.