1-15 აგვისტოს ჩათვლით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე „ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიმართება
1-15 აგვისტოს ჩათვლით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე „ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიმართება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც აშშ-ის, ისე სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა მზარდია. კერძოდ, სამხედრო მომსასახურეთა რაოდენობა გაზრდილია – თუ შარშან იყო 2800, წელს არის 3000-ზე მეტი. თუ მონაწილეთა რაოდენობა შარშან იყო შვიდი ქვეყნით განსაზღვრული, წელს მასში მიიღებს მოაწილეობას როგორც ნატო-ს წევრი, ისე პარტნიორი 13 ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ მხარდაჭერასა და აღიარებას როგორც ნატო-ს ღირსეული პარტნიორის და ემსახურება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას“, – განაცხადა იზორიამ.
მრავალეროვან წვრთნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის საქართველოში შემოსვლა ეტაპობრივად დაწყებულია.
სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.