​უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ფინანსებზე, არამედ უკრაინელ ხალხზე, მათ ხედვაზე ​
​უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ფინანსებზე, არამედ უკრაინელ ხალხზე, მათ ხედვაზე ​

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებასა და ინვესტიციებზე, არამედ უკრაინელებზე და მათ ხედვაზეც. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ფიზიკური სამუშაოს მოცულობაზე, არამედ იმის ხელახლა გააზრებაზე, თუ როგორ გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას.

„რა დარგები შეიძლება გახდეს ომის შემდეგ ზრდის საფუძველი. რა გადაწყვეტილებები და რესურსებია საჭირო უკრაინაში გადამუშავების დონის გასაზრდელად და არა ნედლეულით ვაჭრობისთვის, როგორც ეს აქამდე იყო. რომელი ქალაქები გახდება ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდის ლოკომოტივები. ამ დროისთვის, თუ ყურადღებით მოვუსმენთ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დონზე მიმდინარე დისკუსიებს ომის შემდგომ აღდგენაზე, მათი მთავარი თემა ფაქტობრივად ფულია. ფინანსური დახმარების რა პაკეტია საჭირო ომის შემდგომ აღდგენისთვის? თუმცა მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ფული არ არის ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი. იდეები და ხალხი – ეს არის ფუნდამენტი. როდესაც არის იდეები, არის ხალხი, იწყებ იმის დანახვას, თუ რისთვის და რა მოცულობით არის საჭირო ფული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, რეფორმების პრიორიტეტებს შორის იქნება ბიზნესის წარმოების გამარტივება, გაციფრულება და სამხედრო-სამრეწველო სექტორის გაძლიერება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა რეფორმის შეფასება საჭიროა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივიდან, რაც უნდა გახდეს უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისა და მოდერნიზების საფუძველი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ყველა რეფორმის განხორციელებაში თანამშრომლობისა და დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.