​„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს
​„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

„თიბისი ბანკი“ ყოველთვის დაიცავს თავის თანამშრომელს, რადგან თითოეული მათგანის რეპუტაციის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, –  ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს შეეხებოდა.

„თიბისი ბანკის“ ისტორიის ფარგლებში არ მახსენდება შემთხვევა და ალბათ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მოიხსენია ჩვენი თანამშრომლები. თითოეული თანამშრომლის რეპუტაციის დაცვა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველამ მინდა იცოდეს, რომ ჩვენს თანამშრომელს ყოველთვის დავიცავთ, როგორც ვიცავდით გუშინ, ვიცავთ დღეს, ასე იქნება მომავალში“, – განაცხადა ლევან ბუცხრიკიძემ.

ბანკის დირექტორმა მედიასთან ბიზნესმენის მიერ დასახელებულ ტრანზაქციაზეც ისაუბრა, რაც, ბუცხრიკიძის თქმით, წესების სრული დაცვით განხორციელდა.

„რაც შეეხება ტრანზაქციას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გახდა სალაპარაკო თემა. ამ საქმეში ყველა ის დოკუმენტია, რომელიც წარმოდგენილია 2016 წლის განმავლობაში.  შპს დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ყველა წესის დაცვით,  2016 წლის 19 აპრილს და იმავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. ეს კომპანია არის ქართული კომპანია და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. რა დოკუმენტებია წარმოდგენილი თიბისი ბანკში: ანგარიშის გახსნის განაცხადი, რომელიც წარმოდგენილია 19 აპრილს. შედგება ოთხი ფურცლისგან;  ე.წ. იცნობდე შენს კლიენტს – კითხვარი. დირექტორის ხელმოწერით წარმოდგენილია 19 აპრილს, ორ ფურცლად; ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ  დეკლარაცია ხელმოწერილია ორივე დირექტორის მიერ, რომელიც ასევე წარმოდგენილია 19 აპრილს. ამ დოკუმენტში საუბარია, რატომ არის ეს კომპანია დარეგისტრირებული, რა მიზნები გააჩნია და რა ბიზნესსაქმიანობით იქნება დაკავებული; კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულ და  ინგლისურ ენებზე, ესეც წარმოდგენილია 19 აპრილს; საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება ერთ ფურცლად; დამფუძნებელი კომპანიის წესდება 16 ფურცლად; დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ნოტარიულად დამოწმებულია; დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციო სერტიფიკატი; დამფუძნებელი კომპანიის აქციათა რეესტრი და მფლობელები სერტიფიკატი, დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით; კომპანიის აქციათა ამონაწერი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით; აქციათა სერტიფიკატი დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით; სტატუსის სერტიფიკატი კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით კერძო რეგისტრატურის მიერ გაცემული და პირადობის მოწმობის ასლები“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ყველა დოკუმენტზე დაყრდნობით, „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სათაო ოფისის სამუშაო დროს ეხება.

„მარჯანიშვილის სათაო ოფისი გაიხსნა 2005 წელს. გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისთვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. იურიდიული პირების განყოფილებაც მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. კლიენტმა შვეიცარიიდან თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, დასრულებულია 19:43 საათზე.

რაც შეეხება 22 აპრილს, ზაზა ოქუაშვილმა გუშინ საუბრისას ჩვენი ორი თანამშრომელი ახსენა. არ ვიცი, ტყუილს აქვს ადგილი, თუ შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ კლიენტებს. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო მიზეზი სატელეფონო კავშირის. რეალურად თანხა გაიცა 13:01 საათზე.

ანგრიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით, ბანკის თანაშრომლების მიერ კლიენტისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდების სურვილით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და სხვანაირად მოხდა ინტერპრეტირება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე ოთარ ფარცხალაძესთან, გიორგი გახარიასა და ლევან ყიფიანთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. გიორგი გახარია გავიცანი როგორც ბიზნესომბუდსმენის რანგში. ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ არ მაქვს მასთან პირადი, ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა. რამდენადაც მახსოვს, წლების განმავლობაში ლევან ყიფიანი წარმოადგენდა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესკონსულტანტსა და თანამშრომელს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ვახტანგ ბუცხრიკიძე სატელეფონო ზართან დაკავშირებით​ ოქუაშვილის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიზნესშეხვედრების, სატელეფონო საუბრების ჩაწერას არასდროს აწარმოებს.

„განსხვავებით ოქუაშვილისგან, არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნესშეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის. საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს. ამასთან, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ტრანზაქციის შესახებ 2016 წელს ინფორმირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ვაგროვებთ საბუთებს, ვისაც მოეთხოვება პასუხი, სასამართლოში შევიტანთ“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.