​აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას სრული დატვირთვით დღეიდან განაახლებს
​აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას სრული დატვირთვით დღეიდან განაახლებს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ​აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას სრული დატვირთვით დღეიდან განაახლებს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სავაშ უზანი, „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძე და შიდა ქართლის მთავრობის წარმომადგენლები კონსერვაციის შემდეგ, აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

2017 წლის პირველი ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და კონსერვაციაზე გადავიდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით, „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი შემუშავდა, რის შედეგადაც, ქარხანა მუშაობას სრულად დღეიდან, 2 ივნისიდან განაახლებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე დასაქმებულებს სიტყვით მიმართავენ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, გაიმართება ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია.