შპს „ელემსის“ ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანიის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული
კომპანია „ელემსის“ ადვოკატი ზაზა ნაჭყებია აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული.
მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც აღნიშნული შადრევანი მოეწყო, ჩაძირული ტუმბოებისთვის ადგილი გამოყოფილი იყო შადრევნის წრიული სიბრტყის გარეთ, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის დაშორებით.
„პროექტის მიხედვით, შპს „ელემსის“ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული შადრევნის რეაბილიტაცია ისე, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალური სახის ცვლილება. მეორე – აქ განთავსებული სხვა დამხმარე ნაგებობების ადგილმდებარეობის შეცვლა არ უნდა მომხდარიყო, უნდა დარჩენილიყო როგორც თავდაპირველ პროექტში. ახლით შეცვლას ექვემდებარებოდა მწყობრიდან გამოსული ელემენტების გამოცვლა. „ელემსიმ“ თბილისის მერიას წარუდგინა საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც შენარჩუნებულია ჩაძირული ტუმბოების ძველი ადგილმდებარეობა, უბრალოდ ცხადია, ტუმბოები გამოსული იყო მწყობრიდან, ტექნოლოგიურად იყო მოძველებული და პროექტში ჩაიდო ახალი თანამედროვე მოწყობა. მაქვს ამონაბეჭდი პროექტიდან, სადაც ცალსახად არის მითითებული, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის მოშორებით ჩაძირული ტუმბოების განთავსების არეალი. აქ უნდა განთავსებულიყო. აღნიშნული არ უნდა ყოფილიყო შეცვლილი „ელემსისთან“ შეთანხმების გარეშე“, – განაცხადა „ელემსის“ ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ.
კითხვაზე, თბილისის მერიის მიერ გავრცელებული პროექტის მიხედვით, შესაძლოა თუ არა, რომ ჩაძირული ტუმბოები შიგნითაც ყოფილიყო, ზაზა ნაჭყებიამ განაცხადა:
„არა, ჩაძირული ტუმბოები, ჩვენი პროექტის მიხედვით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ გარეთ. ეს არის ტყუილი. ვიზუალურად დოკუმენტები არის ერთი და იგივე, თუმცა შიგნით ტუმბო არ უნდა ყოფილიყო“.