სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მარნეულის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც დაშავებულთა მდგომარეობას გაეცნო.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაჭრილთა თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი.
„ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ყოველსაათობრივიგადაფასება. რაც შეეხება თბილისში მათ გადაყვანას, ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ. ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას. ეს არის გამოძიების საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას“ – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, მათ შორის მუცლის არეში.
შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.