ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს
საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, წარადგენენ ახალ ფორმატს „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას.
„ევროპარლამენტი ასრულებს მუშაობას რეზოლუციაზე. ევროპარლამენტმა მიიღო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს. მე არ ველი სესიაზე სიურპრიზებს. წესების თანახმად, თუ მოწინააღმდეგეები არ იქნებიან, რეზოლუციას კენჭისყრის გარეშე მივიღებთ. ეს პროცედურა სავსებით შესაძლებელია. აღმოსავლეთ პარტნიორობა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა. ჩვენ გვაქვს პროგრესი, მაგრამ უნდა გავიხედოთ წინ. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე
ორიენტირებული. სამიტმა ახალი დინამიკა უნდა მისცეს ურთიერთობებს და მომავალის პოლიტიკური ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს. ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი ფორმატი „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ყურადღების კონცენტრაციას ამ სამ ქვეყანაზე ვაკეთებთ. გამოვდივართ ინიციატივით ნდობის ფონდების და მხარდამჭერი სპეციალური მექანიზმების შექმნის შესახებ. გვსურს დამატებითი მექანიზმები შეიქმნას ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციისთვის.
მომავალში შეიძლება იყოს საუბარი საბაჟო კავშირში, შენგენის ზონაში, ენერგო და ციფრულ კავშირებში გაწევრიანებაზე. როდის არის ეს შესაძლებელი? ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე. ეს დამოკიდებულია რეფორმების ტემპზე. შედეგები განსხვავებულია. ამიტომ ვამბობ, რომ ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ უფრო მალე მიაღწევთ იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს. დღეს ვუსმენდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ბედნიერი ვარ. ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რასაც საქართველომ მიაღწია და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.