აპრილის სამი ქარიანი დღე. ნასესხები. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს კუთხეში, როგორც ჩანს, უძველესმა მკვიდრებმა შეამჩნიეს ბუნების უცნაური ახირება – ზუსტი გრაფიკით გადანაქარი დღეები, შემდეგ კი თაობიდან თაობას გადასცეს გაამპარტავნებული მწყემსისა და მისი დამრისხავი მარტის ამბავი. ხალხის მეხსიერება არაფერს ინახავს ტყუილად; რასაც ამჩნევს, მხატვრულ ყალიბში ასხამს, არაკად თუ მითად უტოვებს შთამომავლობას, როგორც ცოდნას, გამოცდილებას, გაფრთხილებას, თუნდაც კოდი მეთქვა, თუნდაც შიფრი.

“მარტო, მარტუკელაო”, – ცხვირწინ თითიც დაუტრიალა მწყემსმა, ალბათ… ნახე, ჩემო შადიმან, კნინობითი “მარტუკელა” როგორ ამძაფრებს სურათს, რა დამაჯერებლობას ანიჭებს მარტის განრისხებას, რა სახიერს ხდის მწყემსსაც და მარტსაც. ცოცხალნი, ხელშესახებნი არიან, ხედავ მიმიკას, ჟესტიკულაციას, აპრილთან სათხოვარზე მიმავალ მარტსაც ხედავ თითქოს… აპრილმა ასესხა, უფრო სწორად, დაუთმო მარტს სამი დღე. მერე რაც მოხდა, გასაგებია; არაერთგზის დატრიალებულა გავერანების ეს კოშმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს კუთხეში, საქართველოს რესპუბლიკა რომ ჰქვია დღეს.

ჰმ, მარტუკელაო… ლილიპუტინო, გაგეფიქრება ძალაუნებურად…. კონფლიქტის მიზეზი გასაგებია, მაგრამ ყველაზე მწარე გამოცდილების დამტევი აპრილის “კოლეგიალობაა”, იქაა ძაღლის თავი დამარხული, ისინი (მარტი და აპრილი), რა თქმა უნდა, მოძებნიდნენ საერთო ენას, ისინი, რა თქმა უნდა, გარიგდებოდნენ, მწყემსი უნდა მოფრთხილებოდა ფარას, მაგრამ ვერა, პატივმოყვრულ აღტკინების ვერ მოერია.

მწყემსის პატივმოყვარეობა მეცნობა ძალიან (ალბათ შენც, ჩემო შადო), საქართველოს ისტორიიდან თუ დღევანდელი ვითარებიდან მარტი ხომ მეცნობა და მეცნობა (რა თქმა უნდა, შენც გეცნობა); მოდი, ერთიც ვთქვათ: ზამთრის გრძელ ღამეებში ოცნებად ნალოლიავები აპრილი არ გეცნობა, მეგობარო?

როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება ხოლმე ხშირად, ჩრდილში მდგომია მთავარი გმირი, ისაა ძირითადი მოვლენის მაპროვოცირებელი, იქიდან მწიფდება კონფლიქტი და რაც უფრო ნიჭიერია, ქუჩური ენით რომ ვთქვათ, “შებერტყილია” ჩრდილში მდგომი, მით უფრო ეფარება ჩრდილს, უტექსტო როლი ურჩევნია, არის თავისთვის, ვითომც არაფერი, მცხუნვარე მზეს შევეფარე, ჩემო ბატონო, ერთი გაყოყოჩებული მწყემსისა და გიჟი მარტის დავიდარაბაში რა ხელი მაქვსო.

არადა, ოცნება იყო, მიზანი, მისწრაფება, საშველი, ხიფათისგან თავის დაღწევის, შინდაგულებულობის განცდა იყო მწყემსისთვის. მეორეხარისხოვანი რას მიქვია – ფარდას შეფარებული უმთავრესი გმირი ისაა – აპრილი.

აპრილის სამი ქარიანი დღე. ნასესხები. “ქელეხი ქარში” 1988 წლის ნასესხების პირველ დღეს გათამაშებული პერფორმანსია კოლორიტულ ქუთაისში. “ქორწილი ქარში” ჩვენ დროში, თბილისში ხდება, იქაც ექნება თავისი დატვირთვა ნასესხებს.

ეპოქალურ კატაკლიზმებში მოგვიწია ცხოვრება, ჩვენი თაობა საბჭოური “ზასტოი”-ს “მყუდრო” ჭაობში იშვა, იქ აიდგა ფეხი, იქ გაიჩინა ოცნება და შარიანი გზებით გაეშურა აყვავებული აპრილისკენ.

ასე უნდა ყოფილიყო, ღვთის მადლით, ასეცაა, სხვა რამ მაფიქრებს – აპრილი დავარქვათ პირობითად. იქ უელბეკის ქარები ქრიან ამჟამად, დროდადრო აიტაცებენ ხოლმე უელბეკის გამოფიტულ, უფესვო, ტრაგიკულ პერსონაჟებს უელბეკისავე ქარები, ჩვენ კი, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, ჩვენთვის, სხვა გზა ჭაობში ჩახრჩობის ტოლფასია, ჰოდა, წინ, ოცნებისკენ სვლა სჯობს უეჭველად, მაგრამ სანამ მივსულვართ, სანამ მიგვიღწევია (და მჯერა, მივაღწევთ), იქამდე უნდა გამოვახილოთ თვალი, იქამდე გავიაზროთ, რა ახალ კლიმატურ პირობებში მოგვიწევს არსებობა, საკუთარი სახის, კულტურის, ფესვების შენარჩუნება.

არ მინდა რიტორიკული ტონი გავირიო, მაგრამ არც ის რიტორიკა მომწონს, რითიც დასავლეთის პროპაგანდისტები მავალდებულებენ, სიტყვა “მაგრამ” არ გავიკარო ფიქრად და თუ წამომცდა, ხომ მით უმეტეს – “რუსეთუმე” ვყოფილვარ უმალ…

არ ვარ “რუსეთუმე”, ზუსტად ვიცი, ორი გზა გვაქვს – ერთი ჭაობში დაბრუნებას ნიშნავს, მეორე – ახალ კლიმატურ პირობებში თავის დამკვიდრებას.

მაგრამ…

ხედავ, როგორღაც გავბედე და ვთქვი ეს, “მაგრამ”…

ჰო, მაგრამ, აქედანვე უნდა შევეგუოთ აზრს, რომ მიწიერი სამოთხე არ არსებობს და თუ არსებობს, სამშობლო ჰქვია. ლიბერტალიანული მსოფლმხედველობა სამშობლოსაც გვაშორებს და ევროპასაც, რადგან თუ რამეა დაშორებული ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებს, სწორედაც ლიბერტალიანიზმია. ტრადიციული, კონსერვატული ევროპა იყო ჩვენი ოცნება საბჭოურ ჭაობში, იქაა ჩვენი ბუნებრივი სივრცე, იქ ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ; რაც შეეხება ლიბერტალიანობას, ხომ კარგად გახსოვს, რა მონდომებით ნერგავდნენ და დღესაც ნერგავენ (შეგნებულად თუ შეუგნებლად) დაპროგრამებულ – დაფინანსებული გლობალისტები საქართველოსდარი ქვეყნისათვის სრულიად მიუღებელ, ძალიან სახიფათო ამ მსოფლმხედველობას.

ჩვენი ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე – პირწავარდნილი ფაშა “დემოკრატიულ აღორძინებას” გვექადნებოდა, პირწავარდნილმა გლობალისტმა “ნაციონალურობა” დაიბრალა; ქარები ქროდნენ, ქარები ქრიან, გამოგაზაფხულებული აპრილისკენ მივიწევთ მძიმედ, სისხლიან კვალსაც მივიყოლებთ გზადაგზა…

 

 

1 2 3 4 5 6