მოთხრობის ქვეტექსტში იკითხება, რომ ამ წყვილს მომავალი არ აქვს, მაგრამ მოთხრობა სხვა დეტალითაა საინტერესო. ჩეხოვი დიდებული მთხრობელი იყო, თვალნათლივ, ცოცხლად გაწვდიდა გმირებსაც და სიუჟეტსაც. მისგან მოთხრობილ ამბავს არ სჭირდება ავტორის რემარკა, რეზიუმე, დასკვნა თუ პლაკატი, ჩეხოვის მოთხრობა ქვეტექსტში ატარებს ჩეხოვის პოზიციას, ამ მოთხრობის ბოლოს კი ჩეხოვი ფარდას ხსნის, სააშკარაოზე გამოიჩენს თავს და გულდამძიმებული, გულში გამოტარებული წინადადებით ამთავრებს თხრობას: რამდენი ასეთი მხატვარი კამათობს და ყაყანებს, რამდენს მართლაც გულწრფელად უნდა ხელოვნების სამსხვერპლოზე თავის დადება, მაგრამ ხელოვნება მკაცრად ითვლის, მხოლოდ რჩეულებს თუ იტოვებსო თავის წიაღში…

ოსტატობა და მარტოობაო – ამ ორი უმთავრესი ნიშნულით განსაზღვრა ტარიელ ჭანტურიამ მწერლის ხვედრი. მართალია, ვეთანხმები – პირველი თავდაუზოგავი შრომის ფასად მიიღწევა (ნიჭი თავისთავად იგულისხმება, ნიჭის გარეშე ოსტატობაც ვერ მოვა), მეორე – საზოგადოებისგან დისტანცირების ფასად და არა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან უნდა მოწყდეს მწერალი. დისტანცირება მოწყვეტას არ ნიშნავს, დისტანცირება საჭიროა, რათა მასშტაბში დაინახო მოვლენა, სურათი, გმირი (გმირები) და დრო (ეპოქა).

ხელების ქნევით, ყაყანითა და კამათით, არტისტიზმი ვთქვათ თუნდაც, თუნდაც – ქარიზმა, რასაც ასე მონდომებულად ამკვიდრებენ ხოლმე სნობები, მხოლოდ წამიერი, ჰა და ჰა, წუთიერი გამარჯვების მოპოვება შეიძლება ლიტერატურულ “ტუსოვკაზე”; სხვისი ხმის ჩახშობა შენი გაანჩხლებით (თუკი ეს ითვლება გამარჯვებად), საკუთარი თავის სხვაზე უფრო მოხდენილი პოზით წარმოჩენა (თუკი გამარჯვებად მიგაჩნია ესეც), უამრავი “იზმებით” ჟონგლიორობა და თვითონ “იზმებით” გატაცება ამსგავსებს ლიტერატურულ “ტუსოვკებს” სექსის თემით გულშეძრულ ონანისტთა ხმამაღალ, გაწიწმატებულ თავყრილობებს.

ახალგაზრდობიდან მღლიდა, ვერიდებოდი, გავურბოდი მაგ საქმეს, ამ სიჭარმაგეში კი ეკლექტური კერძის შექმნა გადავწყვიტე პოსტმოდერნისტულ სამზარეულოში.

არა, ძმაო, არა, ეშმაკმა დალახვროს ყველა “იზმი”, “იზმებისა” და “ისტობის” გამო რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი სიცოცხლე გაიწირა მარტო აქ, საქართველოში და მსოფლიოში ხომ მით უმეტეს – მაგას რა მოთვლის, რომელი სასწორით აიწონება.

არა, შადიმან, მოგწერ, როგორც მომეწერება, მთავარია, შენ გეკითხებოდეს, შენ არ მოგაბეზროს თავი; მოგწერ იმაზე, რასაც გულში ვატარებ და რაზეც “მინდა” მოგწერო, “მინდასთან” რას გახდები, ასე “მინდა” და მორჩა-მეთქი მოგწერ; შენ, რა თქმა უნდა, “მინდიზმის” მიმდევრად მიმიჩნევ, კი ბატონო, ასე იყოს, აკი გითხარი, რომ გაცილებით მარტივადაა საქმე, ჰოდა, შევმსუბუქდეთ, ნუ დავმძიმდებით, სიმსუბუქეშიც სუფევს ხიბლი, არის, ნანაობს…

 

20 აპრილი, 2018

აპრილის თვეში მოგწერ აპრილზე.

ჩემი ყმაწვილკაცობის გარიჟრაჟზე, აპრილის შეჟინჟლულ, ჯერ კიდევ ვერგამოგაზაფხულებულ დღეს, უბნის ერთ-ერთი კორპუსის კედელზე აკრული პროკლამაცია ვიხილე პირველად.

“ზასტოი”-ა, უძრაობის პიკი. ვიტყოდი, გაქანებული, გაჭენებული უძრაობაა – მეთქი, მაგრამ იმდენად ჩამყაყებული ატმოსფერო სუფევდა საბჭოთა იმპერიის სულჩაჭაობებულ საზღვრებში, რომ “გაქანება” და “ჭენება” კი არა, მცირედი მოძრაობის შარიშურიც არსად ისმოდა.

და ამ დროს საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი პროკლამაცია იმ კორპუსის კედელზე, სადაც ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაც იყო და ქალაქში ცნობილი სალობიეც (კვარტალში ერთხელ ჩამოსასხმელი ჩეხური ლუდი შემოჰქონდათ ხოლმე სალობიეში).

მაშინ არ დავფიქრებულვარ, ახლა, ამ გადმოსახედიდან ვაცნობიერებ, პროკლამაციის ადგილი სწორედაც იმ გათვლით შეერჩიათ, ფოსტა-ტელეგრაფი და სალობიე რომ იყო კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული. ამავე კორპუსის მეორე სართულზე ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობდა, მაგრამ მასთან არ ვყოფილვარ იმ დღეს, ბაბუაჩემის მორიგი დავალება შევასრულე – სამძიმრის დეპეშები გავაგზავნე ფოსტიდან.

რაღაცნაირი დრო იყო, ხო – საბჭოეთი, ხო – უბედურება, მაგრამ ადამიანური თანაგანცდა, ადამიანურობის უფრო მეტი ხარისხიც, ამავდროულად.

ლოგინად ჩავარდნილი ბაბუა გარდაცვლილთა სიას მაკითხებდა გაზეთ “თბილისი”-ს მეოთხე გვერდზე. დროდადრო შემაჩერებდა ხოლმე: “აბა, მაგას ვინ აცხადებს, ბაბუ, ჭირისუფლები წამიკითხე!” – ვუკითხავდი. ნაცნობს თუ აღმოაჩენდა გარდაცვლილებში, დეპეშის ტექსტს მკარნახობდა, “ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას” – და ა.შ. ტექსტი, ფაქტობრივად, ერთი იყო, მისამართები, ბუნებრივია, სხვადასხვა.

ფურცელზე ჩამოწერილი მისამართებითა და ბაბუას პენსიიდან გამოწინწკლული ფულით ხშირად ვაკითხავდი ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის ფოსტას. მეზარებოდა, მეტიც, მესიკვდილებოდა, თუ გარდაცვლილთა სიის კითხვა, თუ ფოსტა-ტელეგრაფში წოწიალი, მაგრამ ჩემი ყმაწვილკაცობის გარიჟრაჟზე ეს მოცემულობა შეიქმნა ჩვენს ოჯახში – ჩემი უფროსი ძმა (ღმერთმა გაანათლოს) უკვე დაცოლშვილებულიყო, დედა მსახურობდა, მამას ვერ ვაკადრებდი, ჩემს მაგივრად შენ გაისარჯე – მეთქი; ვაკეთებდი, რასაც ლოგინად ჩავარდნილი ბაბუა მთხოვდა, ეს მოვალეობა დამეკისრა და კბილების მოზომილი ღრჭიალით (რათა ბაბუას არ გაეგო, გაბავშვებულად მოწყვლადი გახდა მოხუცებულობაში), გულსმოწოლილი დარდით “ჩაქროლილ, ჩანავლებულ ახალგაზრდობაზე”, მაგრამ პირნათლად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.

1 2 3 4 5 6