30 მარტი, 2018

თითქმის ერთი საათი დასჭირდა შენთან გამოგზავნილი წერილების გადაკითხვას. სიზარმაცეს ვერავინ დამწამებს, მაგრამ ფორმამ დამაფიქრა. ესეისტიკა არ ეთქმის ამ სიტყვის აკადემიური გაგებით, არც მემუარული ლიტერატურა, მათი ნაზავია ერთი პუბლიცისტური ჩანართით; თუმცა მომეჩვენა, რომ ხერხი მუშაობს, ერთგვარ დინამიკას სძენს აქამდე დაწერილს, მოლოდინის მუხტიც იგრძნობა, რადგან რომანი “გამიჩერდა” და ვწერ, რაზეც თავის მეგობართან შეიძლება ეწერებოდეს შუა გზაში გახირულ მგზავრს.

დაახლოებით ის მდგომარეობაა, ფელინის “რვანახევრიდან” რომ გვახსოვს. ამ დაუვიწყარ ფილმში კინორეჟისორის პირადი ცხოვრებაც ხელისგულზე ჩანს და მისი შემოქმედებითი თუ ესთეტიკური ძიებებიც.

შემოქმედებითი ძიება პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია შემოქმედისთვის, ამ ძიებათა ნაჭდევი უღარავს შუბლს და თუკი იგი ქმნის, პარალელურად, თავადაც იცვლება, თვითონაც იხატება თავისი ქმნილებისგან, მის სახეზე, გამომეტყველებაზე, მის ავტოპორტრეტზე ზედმიწევნით ზუსტად ისახება იმ კონკრეტულ ვითარებაში რას განიცდიდა, რა ეფიქრებოდა, თავისთვის დასახულ ამოცანას როგორ მოუძებნა თუ ვერ მოუძებნა გასაღები.

მხატვრები ხშირად ქმნიან ხოლმე ავტოპორტრეტს და როგორც მეჩვენება, ეს არ უნდა იყოს სპონტანური გადაწყვეტილება, მხოლოდ სურვილის კარნახი, რომ შთამომავლობას შემოუნახონ თავისი გამოსახულება. კაცმა რომ თქვას, არც უმაგისობაა ალბათ, მაგრამ უმთავრესი, წარმმართველი, ბიძგის მიმცემი რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპია მხატვრის ცხოვრებაში; ეტაპი, რამაც იქნებ დააბნია, სასოწარკვეთაში ჩააგდო, მრუშობა-ლოთობაში ჩატოვა, ან სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა, ანკი ღრმა ნაოჭებად დაეჭდო მხატვრის სახეს.

პირდაპირ გეტყვი, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩამომიჟამდა – წინ ვერ მივიწევ, გამუდმებით მეფიქრება, რა ელის მომავალ რომანს, ანდა, აქვს კი, საერთოდ მომავალი?! ვცხოვრობ გაურკვეველ აწმყოში, მართლაც რომ შუა გზაზე გახირული მგზავრივით, ვისაც წარსულის ეპიზოდები, სურათები ამოუტივტივდება ხოლმე მოგონებებიდან, რადგან ვერა და ვერ წაჩოჩებულა წინ და აი, შეიძლება ითქვას, სამივე დროში ვცხოვრობ ამჟამად, მაგრამ ერთ ადგილას გდებამ გამაბეზრა და სული რომ არ ამომხდეს, წერილების წერა გადავწყვიტე წარსულზე, აწმყოსა და ვერმიჩანჩალებულ, ვერმოხელთებულ მომავალზე.

ხელოვნების სხვადასხვა დარგები ძველთაგან ზემოქმედებდნენ ერთმანეთზე. ამან მაფიქრებინა, რადგან მკაფიოდ ვერ განმისაზღვრავს – ვერც ესეისტიკას ვარქმევ, ვერც მემუარულ ლიტერატურას, იქნებ მხატვრობას დავესესხო, “წავიხულიგნო” და ავტოპორტრეტის შექმნა ვცადო-მეთქი ამ იძულებითი და გულისგამაწვრილებელი მოცალეობის ჟამს.

პირადად ჩემთვის, “რვანახევარი” კინოენით შექმნილი ფელინის ავტოპორტრეტია. ლიტერატურაში არსებობს ავტობიოგრაფიული რომანი და მთლიანად წარმოსახვის ნაყოფიც რომ იყოს, რაღაც ხარისხით, რაღაც ნიშნით, ნაწარმოების მიღმა მაინც ჩანს ავტორი, ნებისმიერი ნაწარმოებიდან იკითხება ინფორმაცია მის შემქმნელზე, მაგრამ რაც და როგორც მესახება ახლა – ლიტერატურულ ავტოპორტრეტს უფრო დავარქმევდი – ესეისტიკის, მემუარების და პუბლიცისტიკის ერთ ქვაბში ჩათუთქვის, ერთ კერძად ქცევის მცდელობას (ზაფხული ახლოვდება, შეციებული აჯაფსანდალის სეზონი).

კეთილი, “წახულიგნების” ნაცვლად “წავიპროფესორე”, საკმარისია. ჩემი აზრით გაცილებით მარტივადაა საქმე. ამის საილუსტრაციოდ ოცდახუთიოდე წლის წინანდელ ერთ მოგონებას შემოგთავაზებ: არ ვიცნობ იმ კაცს, კარგახანია არსად მომიკრავს თვალი, ცოცხლებში თუ არ წერია, ღმერთმა აცხონოს, თუ ცოცხალია, კარგად და დიდხანს იყოს.

ჩვენი თაობის კაცია, მაგრამ არც გვარი ვიცი, არც სახელი. იმხანად, იმ უშუქობაში, აქა-იქ რომ გამოკრთებოდა ელექტროენერგიის ნაპერწკალი და ამ დიადი მოვლენით დაფეთებული მოქალაქეები დახარბებულად რომ მიუსხდებოდნენ ხოლმე მორცხვად გამოჭიატებულ ცისფერ ეკრანს, რამდენჯერმე ისიც აირეკლა ტელევიზორში.

აშკარად ემჩნეოდა არტისტული ბუნება, – თმა-წვერგაბურძგნული, თვალებანთებული, იდეასნაზიარები შეძრულობით აღტკინებული, გულწრფელად მოსურნე, სხვაც გააბედნიეროს, სხვასაც უშურველად და უანგაროდ უწილადოს იდეა, თავისი ბედნიერი მდგომარეობის თავწყაროს დააწაფოს და სხვაც (იქნებ მთელი ერიც) აზიაროს ჭეშმარიტებას, რომელსაც მიაგნო. ირონიას განზე გავწევ, მართლა საინტერესო, დასამახსოვრებელი ტიპაჟი იყო – ასეთებს ხშირად იგდებენ მასხრად სიალალისთვის, განსხვავებულობისთვის, ქრონიკულად ანთებულ-აღტკინებული მდგომარეობისთვის, გიჟური იდეებისთვის, დაუცველობისთვის, ზვარაკად თავის გაღების მისწრაფებისთვისაც, რადგან ადამიანის ეს ტიპი ყველაზე სათუთ ოცნებაში სწორედაც იდეის სამსხვერპლოზე შეწირულ ზვარაკად ხედავს თავს. ადამიანის ეს ტიპი უაღრესად ჰუმანურია, მაგრამ პოზიორიც ამავე დროს – თუკი მადლობა ეთქმის ვინმესთან, გულწრფელად, მთელი არსებით ამბობს კიდეც, თუმცა ურჩევნია, ქმედებითაც გამოხატოს მადლიერება. სიტყვა “გმადლობთ”, მისთვის არაა საკმარისი, შეტყუპებული ხელისგულები უნდა მიიბჯინოს მკერდთან, მხარზე უნდა ეამბოროს კეთილისმყოფელს, შესაძლოა, ხელზეც ემთხვიოს მას და ამით გამოამჟღავნოს, რომ თავმდაბლობით ვმაღლდებით, რომ კაცთმოყვარეობა უდიდესი მადლია, რომ, აი, პირადი მაგალითით ამკვიდრებს ადამიანური ურთიერთობის ყველაზე მისაღებ, ბუნებრივ, ადამიანისთვის ყველაზე შესაფერის ფორმას.

ხომ გახსოვს რა მძიმე ვითარება ჩამოიქუფრა იმჟამინდელ საქართველოში; ჰოდა, ამ ფონზე, ჭეშმარიტებასნაზიარები, თვალაკიაფებული, სისხლსავსე შემოქმედებითი ცხოვრებით აღტკინებული კაცის გამოჩენა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ტელეეკრანიდან როგორც შევიტყვე, მსახიობიც ყოფილა, მხატვარიც, პოეტიცა და მეზღაპრეც. ინტერვიუს დასრულებისას მამაოსავით დალოცა ჟურნალისტი და მაშინ გამეფიქრა – ეს ადამიანი ერთდროულად ჰგავს მისიონერს, სალოსს, არტისტს და იოლად მოწყვლადი ბუნების ბავშვს, ვინც ბედნიერება ფარად მოიგონა-მეთქი თავისთვის…

 

1 2 3 4 5 6