მეხსიერებაში ჩაებეჭდა მისი სახე, იოლად ვიცანი, როცა სამარშრუტო ტაქსით მოვემართებოდი შინისაკენ. ჩემი უბნელი აღმოჩნდა, ერთი კვარტლით ქვემოთ მცხოვრები. სამარშრუტო ტაქსში ამოსვლისას და სამარშრუტოდან ჩასვლისას რამდენჯერმე დალოცა მძღოლი და მგზავრები, რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი და რამდენჯერმე გადაგვსახა პირჯვარი ჩვენც. რაღაცნაირ მდგომარეობაში იყო, იქნებ ერის სულიერი წინამძღოლის როლი მისცეს და ამით სულდგმულობდა დღემუდამ (ხალხში იტყვიან, “როლში შეიჭრაო”), იქნებ ქვეყანაში გამეფებულმა ჯაყოიზმმა და სულიერების ტალახში თრევამ იმოქმედა მასზე ამგვარად; არ ვიცი, ვერ გეტყვი, რა უბიძგებს ხოლმე სამოქალაქო პირს, სასულიერო პირად მოგაჩვენოს თავი, მაგრამ ამის სურვილი მისი ჩაცმულობიდანაც იკითხებოდა – თეთრი, გულთან ნაქარგი პერანგი გადმოეტარებინა შარვალზე, პერანგის ქვედატოტი ლამის მუხლსქვემოთ დასთრევდა კაბასავით, ჩაჭრილი გულისპირიდან კი მასიური ჯვარი მოუჩანდა. ჰო, იყო მის ჩაცმულობასა და გარეგნობაში რაღაც შუალედური – სამოქალაქოცა და სასულიეროც ერთდროულად, თანაბარწილად…

ერთი ნიშანდობლივი ეპიზოდიც ამომიზიდა მოგონებამ. ჩვილ ბავშვთან ერთად ვნახე უბნის მაღაზიასთან. ვიღაცას ელაპარაკებოდა, გატაცებით უსაბუთებდა რაღაცას. ბავშვი ხელში ეჭირა და ვერც ეჭირა; არ ვიცი, ემძიმებოდა, არ ვიცი – აწუხებდა რამე, მაგრამ იმ ერთი ციდა ბავშვს ხან აქეთ, ხან იქით მიატრიალ-მოატრიალებდა ხოლმე, მოუქნელად, გაუწაფავად ირჯებოდა და არა იმიტომ, რომ ბავშვის მოვლაში იყო გაუწაფავი, არა, უბრალოდ, თვითონ იყო მოუქნელი, ფიზიკურ ძალასთან შეუთავსებელი, ვისი სულიც გატაცებით ცდილობს ვიღაცას რაღაც დაუსაბუთოს, მაგრამ ერთი ციდა ბავშვი აჰკიდეს ტვირთად და უსაზღვროდ უყვარს მის სულს ეს ბავშვი, თუმცა ახლა, ამ მნიშვნელოვანი სულიერი მისიის აღსრულებისას, ბავშვი ტვირთია… ჩვილიც შეგეცოდებოდა და მამაც – თმა-წვერგაბურძგნული დიდი ბავშვი, ვისაც პატარა ბავშვი ანდეს და ეზოში გამოაყოლეს. თამაში სურდა ეზოში, რადგან ნაცნობთან რაღაცის დასაბუთება და სულიერებაზე მსჯელობა ყველაზე საყვარელი თამაშია მისთვის, ჰოდა, ამ თამაშს არ აცლიან, ამძიმებენ, აწუხებენ, გემოს ვერ ატანს ასეთ თამაშს.

მერე ისევ ვიხილე ტელეეკრანზე. კომბალი მოემარჯვებინა, ფეხით მიეშურებოდა სამოგზაუროდ, მხრებზე ხაკისფერი ზურგჩანთა მოეკიდა, რომელიღაც მნიშვნელოვანი ადგილის დასალაშქრად აღერღილიყო და გამოსამშვიდობებელ ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტ გოგონას. მაშინ განაცხადა ჩვეული აღტკინებით – ახალი მიმდინარეობა დავამკვიდრე ხელოვნებაში, “მინდიზმი” დავარქვი სახელადო.

დავინტერესდი უკიდურესად. დაინტერესდა ჟურნალისტი გოგონაც – “მინდიზმი” რას ნიშნავსო, – ჰკითხა.

პაუზა დაიჭირა. როცა განსაკუთრებული ემოციის გამოხატვა სურს მსახიობს, როცა ცდილობს, მაქსიმალურად მიიპყროს დარბაზის ყურადღება, ასეთ პაუზას იჭერს ხოლმე.

მხრებზე ხაკისფერი ზურგჩანთა, ხელში ჩაბღუჯული კომბალი და ხანგრძლივად დაჭერილი პაუზა – აი, ამ პოზაზე მიგანიშნებ, შადიმან. და თუმცა აშკარა პოზაა, მაგრამ გულუბრყვილობის ხიბლიც ახლავს, ვიტყოდი, მოზარდის ოცნებებში ჩარჩენილი კაცის ხიბლი, ვისი სულიერი მდგომარეობაც ფეხით მოგზაურობას ითხოვს კომბლისა და ზურგჩანთის თანხლებით, ლექსების წერასა და ნახატების შექმნას ითხოვს გზადაგზა, ითხოვს ხიფათიან თავგადასავლებს, ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეებში კოცონთან ჯდომას და გულისამაჩუყებელ სიმარტოვეში ნაგრძნობ ღმერთს, ვისი წყალობითაც ებოძა, ხელოვნებაში დაეტოვებინა კვალი, ახალი მიმდინარეობის მამამთავრად ქცეულიყო, “მინდიზმი”-ს გურუდ.

პაუზის მერე გაამხილა: “მინდიზმი” იცით რას ნიშნავს? როგორც რომ “მინდა” და რასაც რომ “მინდა”, ისე ვქმნი მეო.

ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა, მაგრამ არავის დავცინი, მოვლენა უფრო მაინტერესებს, იმჟამინდელ ქართულ საზოგადოებაში ფარულად თუ ცხადად არსებული წარმოდგენა თავისუფლებაზე. საბჭოეთის წნეხიდან გათავისუფლება ძალიან ბევრმა აღიქვა, როგორც “მინდას” და რასაც “მინდას” კეთებად, ეს – “როგორც მინდა და რასაც მინდა” აისახა ქართულ პოლიტიკურ ამინდზეც და ქართულ საზოგადოებრივ მდგომარეობაზეც. ამიტომაც მეჩვენება, მზად ვერ შევხვდით თავისუფლებას, ვერ გავმიჯნეთ თავისუფლება და ანარქია; რაღა შორს წავიდე, ჩვენი უახლოესი წარსულის ყველაზე დიდი პარადოქსი ლიბერალური ღირებულებების ავტოკრატული მეთოდებით დამკვიდრებაა – საქმით სისასტიკე, სიტყვით ლიბერალიზმი, საბოლოო ჯამში კი ლიბერალიზმის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში, რადგან კონკრეტულ მმართველს “მოუნდა” ასე.

ვინც ეს “მიმდინარეობა” გააჟღერა, იქნებ ცოტა გულუბრყვილო, მაგრამ აშკარად კეთილი ადამიანია და მის მცდელობაში ზოგადადამიანურ სასოწარკვეთას უფრო ვგრძნობ, კვალის დატოვების დაუოკებელ და მარადიულ მისწრაფებას მოკვდავთაგან.

ჩეხოვის ერთი პატარა მოთხრობა გამახსენდა, სათაურს კი ვერ ვიხსენებ, თუ არ ვცდები, მოქმედი გმირის, ახალგაზრდა ქალის სახელი ჰქვია (თუნდაც აქედან ჩანს კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე რომ არ ვარ, ისინი აუცილებლად მოიძიებდნენ მოთხრობის სათაურს, მე მეზარება).

მხატვრების თავყრილობაა არყითურთ, თანდათან ხურდებიან, “ტუსოვკურ ხურუშში” გადაიზრდება მათი ყბედობა ხელოვნებაზე, მიმდინარეობებზე და ა.შ. კარზე კაკუნი. ახალგაზრდა ქალი მორიდებით სთხოვს პანსიონის მობინადრე მხატვარს, ცოტა ხნით დერეფანში გამოვიდეს. მათი საუბრიდან ირკვევა, ქალი (პანსიონის მეპატრონის ქალიშვილი) ფეხმძიმედაა მხატვრისგან, სასოწარკვეთილია, რადგან ეს ამბავი მალე გამჟღავნდება, მშობლები მკაცრად დასჯიან, მის რჩეულ მამაკაცს კი არაფერი აინტერესებს ხელოვნების გარდა. არა, არა, ქალი განა წინააღმდეგია, განა არ ესმის, რას ნიშნავს იყო მხატვარი, მაგრამ აი, ასეთი მდგომარეობაა და ისიც ცოდოა… კაცი მოიქუფრება, დამძიმდება, ქალს გაისტუმრებს, ოთახში მიბრუნდება. ორიოდე ჭიქის შემდეგ მხატვარი ჯავრს გადაიყრის გულიდან, თავის მეგობრებს აჰყვება ყაყან-კამათში ამა თუ იმ მიმდინარეობაზე, ხელოვნებაზე, მხატვრობაზე და კვლავ გაჩაღდება “ტუსოვკური ალიაქოთი”.

1 2 3 4 5 6