მოკლედ, “ზასტოი”-ს პიკია, ვერგამოგაზაფხულებული აპრილის შეჟინჟლული დღე, გავაგზავნე სამძიმრის დეპეშები, პროსპექტის მხრიდან გამოვეშურე შინისაკენ და კორპუსის კედელზე გაკრული პროკლამაცია შევნიშნე უეცრად.
14 აპრილის დემონსტრაციისკენ მოუწოდებდნენ ხალხს.
რა გითხრა, შადო, როგორ გაგიცოცხლო 16 წლის ვაჟის განცდა, ვისაც გულს ურევს ჩამყაყებულ საბჭოურ ყოფაში არსებობა, თავის მეგობრებთან ერთად ეოცნებება, მაგრამ ვერ კი ეჯერება საქართველოს დამოუკიდებლობა, თანდათან და უშეღავათოდ ყალიბდება მოსაწყენი, უმოქმედო “სამზარეულოს ოპოზიციის” წევრად და უეცრად პროკლამაცია კედელზე – ჰაერის ნაკადი ფილტვებში, ფიქრის გაელვება, – ვიღაც რეალურად მოქმედებს, ვიღაც თავს იგდებს ხიფათში, არ ეშინია, გულისჯიბით დაატარებს, შემდეგ კედელზე აკრავს ანტისაბჭოურ მოწოდებას, უკიდურესად მიუღებელს გადაღრძუებული და ვერაგი და სასტიკი და სულისა და ფილტვების შემხუთავი სინამდვილისთვის და კგბ და სუკ-ი და საბჭოელი შპიკები და ენა, ქართული ენა, რის წართმევასაც მიპირებენ და ბაბუა (დედის მხრიდან), რომელიც 37-ში დამიხვრიტეს და უსამართლობის განცდა და სიყალბის განცდაც, რადგან უსამართლობასა და სიყალბეში გძირავს საბჭოეთი და ჰორმონები, 16 წლის ვაჟის გაანჩხლებული ჰორმონები, რომელიც პროტესტად, ხმაჩახლეჩილ ყვირილად, ქმედებად ცდილობენ გადმოხეთქვას და შურიც, შურიც, რადგან ვიღაცამ საბეჭდ მანქანაზე რეალურად აკრიფა ანტისაბჭოური მოწოდება, ვიღაცამ რეალურად გააკრა პროკლამაცია კედელზე და ის ვიღაც შენ არ ყოფილხარ, მაგრამ იმედიც, ჰო, იმედიც, რადგან ის ვიღაც რეალურად არსებობს, შენც რეალურად კითხულობ პროკლამაციას და რადგან ასეა – ესე იგი, დაიწყო, რაღაც დაიწყო, უეჭველად დაიწყო და იმდენად თვალნათლივ დაიწყო, რომ შენი თავიც თვალნათლივ წარმოგიდგება იატაკქვეშა მოძრაობის მუშაკად, რევოლუციური ტალღის რიგით ჯარისკაცად, სიმართლისთვის, მშობლიური ენისთვის, სამშობლოსთვის თავდადებულად და აი, დაახლოებით ეს ფიქრები, ეს განცდა დამეუფლა მაშინ, ამ სულისკვეთებით გადავსებულმა შევავლე მზერა ქუჩას. კანტი-კუნტად მოძრაობდნენ, ჰაერში იყო შეჟინჟლული ნესტისა და სიმარტოვის, აპრილის აჭრილი, ქარიანი დღის, ხიფათისა და დამუხტული მოლოდინის განცდა, რაღაცის სამზადისი წვეთავდა სველი წვეთებით, სველი წვეთების ერთი წვეთი საყელოს შიგნით ჩამომიცდა, კისრიდან მკერდისკენ, შიშველ კანზე ჩამომიცურდა სველ ჟრუანტელად.
ჯერ კიდევ არ იყო 14 აპრილი. თუ არ ვცდები, დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე ვიხილე პირველი პროკლამაცია სსრკ-ს სულჩაჭაობებულ საზღვრებში მოქცეულ ჩემს უბანში.
1978 წლის 14 აპრილს ქართველობამ გაიმარჯვა, მე დავმარცხდი მწარედ და ეს სიმწარე დიდხანს გამოვიყოლე, მოგწერ ამაზე, მერე მოვისვენებ:
განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან, გივი სამსონაძესთან. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, 50-ი წლის ასაკში გარდაიცვალა; მე 60-ს ვუკაკუნებ, მაგრამ ფიქრში ისევ ისაა უფროსი, მამად დამირჩა, უფროს მეგობრადაც, რადგან მამა-შვილობასთან ერთად მეგობრობა შემომთავაზა და არა მარტო მე, მთელ ჩემს სამეგობროს. 28 წლის ვაჟის მამა ვარ, ვიცი, რომ სწორად აღზრდის ყველაზე ეფექტური ფორმა მეგობრული ურთიერთობის დამყარებაა შვილთან. ასე უფრო გეხსნებიან, ყურს უგდებენ შენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ასე უფრო იოლად და უმტკივნეულოდაა შესაძლებელი რთული ასაკის გადაგორება. სათქმელად იოლია, ჩემო შადიმან, რაც ზემოთ მოგახსენე, ლოგიკურიცაა და ქმედითიც თითქოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არც ისე მარტივია, ვაჟისთვის (და არა მარტო ვაჟისთვის, მისი სამეგობროსთვისაც) მამაც იყო და მეგობარიც. არ უნდა მიგიხვდნენ უმთავრეს მიზანს, ეჭვი არ უნდა შეიტანონ შენს გულწრფელობაში. არადა, სულ სხვა თაობაა, სხვა ინტერესები, სხვა გემოვნება, ყველაფერს თავი დავანებოთ, სხვა ასაკობრივი მდგომარეობაა, სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვები – მამა ხარ და ცხოვრების ჭაპანს ეწევი შეძლებისდაგვარად, ეს გასაგებია მათთვის, მაგრამ მამასთან ერთად მეგობარიც ხარ? აქ უკვე სხვა ვითარებაა, გაკვირდებიან, გსწავლობენ. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, შენ უნდა ჩაიყენო მათ ასაკში, მათ მდგომარეობაში თავი – მაშინ დაგიჯერებენ, მიგიღებენ, გენდობიან.
სხვა შემთხვევაში შენგან გაჟღერებულ, “შეთავაზებულ” მეგობრობას, რა თქმა უნდა, მადლიერებით შეხვდებიან, მზადყოფნით დაგიქნევენ თავს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ფუჭი სიტყვებია მხოლოდ.
გივი სამსონაძემ ჩემთანაც და ჩემი ბავშვობის მეგობრებთანაც ბევრჯერ დაამტკიცა თავისი მეგობრობა, ბევრჯერ “ჩაატარა ჩასატარებელი”, ქალაქელი კაცი იყო, იცოდა თბილისის ავან-ჩავანი, რაც მთავარია, სწორ ადამიანურ ორიენტირებს “გვიცურებდა” ძალდაუტანებლად, ბუნებრივად, ჩვენთვის გასაგები ენით.
ასე იყო.
და 14 აპრილი…
მამა სამზარეულოშია, მაგიდაზე ბოთლი “კახეთი” დგას. ნასვამია, წასასვლელად ვემზადები.
– სად მიდიხარ?
– ბიჭებთან.
– ბიჭები აქ მოვიდნენ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ აჯობებს აქ იყოთ.
– რატომ, მამა? – დავიძაბე, მივხვდი, თვითონ რატომაც იყო დაძაბული.
და მერე: “სკოლის მოწაფე ხარ, სტუდენტი რომ იყო, სხვა ამბავია”, “და რა შუაშია სტუდენტი, რა შუაშია – მეთქი სტუდენტი! საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ”. “და სულელი ხარ, არ იცი, ვისთან გაქვს საქმე, 9 მარტს იქ ვიყავი, ფოსტის სახურავიდან დაგვიშინეს ტყვიები, ერთი პროვოკატორი სჭირდებათ, ერთი პროვოკატორი და შენისთანა ყმაწვილების სისხლი, სხვა კი არაფერი უნდათ! გიმეორებ, სტუდენტი რომ იყო, სხვა ამბავია”, “და მაშინ, რატომ მემეგობრები, ბავშვი თუ ვარ, ასეთი აღუა თუ გგონივარ?! უნდა წავიდე, მამა, ჩემი თავის პატივსცემას ხომ დავკარგავ, შენს პატივისცემასაც დავკარგავ!”. “მარტო არ წახვალ, თუ ასეა, ერთად წავალთ, მარტო კი აქედან არ წახვალ!” “და როგორ წავალთ ერთად, როცა ნასვამი ხარ, არ მინდა შენთან ერთად, ნასვამი ხარ, ნასვამი ხარ, ნასვამი ხაარ!!!”
გაღიზიანება, ვერგაგება, ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული კაცისგან ნაგრძნობი იმედგაცრუება, მისი ნასვამობა ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როცა ქართული ენის ბედი წყდებოდა, სწორედაც რომ მამაჩემისგან შთაგონებული სულისკვეთების ხელყოფა მისგანვე, ეს ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად თავმოყრილი ყელის ძარღვებს მიჭიმავდა, მახრჩობდა, მაკნინებდა, შეურაცხმყოფდა…
მერე გავიწიე, გადამეღობა, ამეფარა; რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად არ განიცდიდა ამ ინციდენტს და ეს უმახინჯებდა სახეს; კარში ჩამიდგა და ის მახსოვს, მისი ბოლო არგუმენტი, არგუმენტსაც ვერ ვიტყვი, მისი ბოლო გაბრძოლება:
– თუ გახვალ, ჩათვალე, გადამაბიჯე!
და იდგა ასე კარის ზღურბლთან და მიცქერდა გალახულივით…
ვერ გადავაბიჯე…
რაღაც ჩამომეშალა, ჩამომექცა, თავზე დამემხო იმ დღეს, შადიმან, ორივენი გავილახეთ, თანაც ერთმანეთის თვალწინ. მერე, როცა ყველაფერმა ჩაიარა, თავის ოთახში გაემართა დასაძინებლად, ის მე მარიდებდა მზერას, მე – მას.