14 აპრილს ქართველობამ მართლა გაიმარჯვა, მე არ ვერიე იმ ქართველებში, ვინც უფლება მოიპოვა, გამარჯვებულად ეგრძნო თავი. იმ დღეს მწარედ დავმარცხდით მეც და მამაც. ვაჟკაცი იყო ცხონებული; ზუსტად ვიცი, თავი არ ადარდებდა, იმ დღეს თუ შინ დარჩა, მხოლოდ იმიტომ, მე რომ ვეფიქრებოდი, ჩემი ყმაწვილური აღტკინების რომ ეშინოდა. ჰოდა, მოხდა, რაც მოხდა. სასტიკი რეჟიმების სისასტიკეს მსხვერპლით წონიან. თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, ჩვენც მსხვერპლი ვიყავით იმ რეჟიმის, იმ ატმოსფეროსი, მაგრამ ასეთი ინციდენტები მონაცემთა ბაზაში არ შეაქვთ, ასეთი ინციდენტები გულის ჭრილობებად, ჩამოქცეულ იდეალებად, გამზრალ ურთიერთობებად ისახება ადამიანებზე.

ვაჟა-ფშაველას პროსპექტიდან №20 ავტობუსით ვიმგზავრე უნივერსიტეტისაკენ. ან რა აზრი ჰქონდა ჩემს მგზავრობას, როცა ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ არ შემეძლო, ის ჰაერი არ ჩამესუნთქა, რა ჰაერითაც ისინი სუნთქავდნენ – გამარჯვებულები.

დამხვდა უნივერსიტეტის დაცარიელებული ბაღი, ქუჩაზე კანტი-კუნტად ჩავლილი მოქალაქენი და ნაპლაკატარი ქაღალდების აქა-იქ ფრიალი. “გამარჯვების ნასუფრალი” დამხვდა და ამან მეტად შეურაცხმყო, მეტად ჩამიწვა გული. №20 ავტობუსით გამოვემგზავრე შინისაკენ, ავტობუსში ხალვათობა იყო, ორიოდე მგზავრი და დამარცხებული – მე.

ხუთ წელიწადში გარდამეცვალა მამა, ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი, ვინც, ჩემთან ერთად, იქნებ ჩემზე მწარედაც დამარცხდა 1978 წლის 14 აპრილს.

რა გითხრა, მეგობარო, მართლმადიდებლური აღდგომა 8 აპრილს იყო; თუ გახსოვს, გაგიმხილე ერთხელ, აღსარება არ ჩამიბარებია – მეთქი ჯერ. მწერალი დღენიადაგ აბარებს აღსარებასო – მიპასუხე. არ ვარ ეკლესიური, მაგრამ გენეტიკურ კოდში მაინც მიფუთფუთებს 2000 წლის წინ დატრიალებული მისტერიის ანასხლეტი (ბებია მორწმუნე მყავდა); მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი თავდაუდგმელი კაცი ვარ, უზენაესის არსებობისა უფრო მწამს, ვიდრე – არაფრის არსებობის, ათეისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებასაც ვერ მივდევ “ჯეროვანი შემართებით”. ეკლესიაში მაშინ შევდივარ, მაშინ ვანთებ სანთელს, როცა სული მთხოვს ამას. ბევრი რამ არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, გულში, ხშირად ვიმეორებ: “უფალო, შეგვიწყალე! უფალო, შეგვიწყალე!” და ეს მეხმარება, მამშვიდებს, მაიმედებს. ცოდვილი ვარ, მამძიმებს ჩემი ცოდვები, მაგრამ მაშინებს კიდეც ცოდვა და რადგან მაშინებს, ვცდილობ, ნაკლებად შევცოდო. რაც შეეხება აღსარებას, გეთანხმები, მწერალი დღენიადაგ აბარებს აღსარებას, მხატვრულ ნაწარმოებში სხვადასხვაგვარად ფუთავს თავის ღია ჭრილობებს და ეს მისი შემოქმედებითი ლაბორატორიის ერთი შემადგენელია, მაგრამ პირველ წერილში მოგწერე და ახლაც ვიმეორებ – ეპისტოლარული ურთიერთობის ფორმა გულწრფელობის მეტ ხარისხს გულისხმობს. 1978 წლის 14 აპრილზე რაც მოგწერე, აღსარებაა ჩემთვის; საქმე იმაშია, შადო, რომ მწერლის აღსარებას ზიარების საიდუმლო, ზიარების მადლი არ მოსდევს და ამიტომაც ვარ თავდაუდგმელი – “ურწმუნო მორწმუნე”, კაცი, ვინც შინაგანად განიცდის ვნების კვირას, მაგრამ ბევრი რამ არ იცის, ეკლესიაში კი მაშინ შედის ხოლმე, მაშინ ანთებს სანთელს, როცა სული სთხოვს ამას.

ახლა 9 აპრილზე…

მე და ჩემი ორი მეგობარი მთავრობის სახლის პირდაპირ ვიდექით იმ ღამეს. წინა დღეებშიც იქ ვიყავით, მაშინ შევხვდი მამაჩემის მეგობრის, გრიშა დოლიძის ქალიშვილს, ჩემს თანატოლ თამუნა დოლიძეს. გულიანი, მიამიტობამდე სუფთა გოგო იყო ცხონებული, დაქალებთან ერთად შემხვდა რუსთაველზე, გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე დავშორდით, მერე კი აღმოჩნდა, რომ 9 აპრილის სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთი მსხვერპლი ისიც იყო. არ ვიცი, სად იდგა იმ ღამით, სავარაუდოდ, თავისუფლების მოედნისკენ ალბათ. როცა ალესილნიჩბიანმა ჩაფხუტიანებმა ტანკებთან ერთად ორად გაყვეს მომიტინგეები, როგორც ჩანს, პირველი დარტყმა თავისუფლების მოედნისკენ მდგომებმა გადაიტანეს, ჩვენ კი შუაში ვიდექით და უკვე გვწამლავდა, გვახრჩობდა გვაბრმავებდა გაზის ნაკადი. ხალხის ძირითადი მასა გაზით გამორეკეს, ვინც ხელში მოხვდათ, აჩეხეს და ახლა, ამდენი წლის შემდეგ როგორც მეჩვენება, მხოლოდ იმიტომ კი არ მოაკვდინეს ადამიანები, იმპერიის ანგარიშსწორება რომ იყო, არამედ-ზუსტი გათვლა ჰქონდათ, ზუსტი ამოცანა დაისახეს, ზუსტად იცოდნენ ჩვენი ხასიათი და მოიქცნენ ისე, როგორც ტორეადორი იქცევა ხართან – ჩვენი თანამემამულეების სისხლით შეღებილი წითელი ნაჭერი აგვიფრიალეს, რათა ყურადღების მთელი კონცენტრაცია იქ გადაგვეტანა, სისხლიან ნაჭერზე და მერე განვეგმირეთ. ჩვენამდე ისინი გრძნობდნენ, საბჭოთა იმპერია დასაშლელად რომ იყო განწირული და თავის გასაიდუმლოებულ ინსტიტუტებში უკვე ადგენდნენ ახალ გეოპოლიტიკურ რუკას, ახალ ხაფანგებს აგებდნენ; რა თქმა უნდა, ისიც უწყოდნენ, გონებადამჯდარი კაცი ფეხს რომ არ ჩადგამს ხაფანგში, სიძულვილით დაბრმავებული მდგომარეობა სჭირდებოდათ ჩვენი და გამოიწვიეს კიდეც ეს სიძულვილი, ამის ერთ-ერთი შედეგიცაა, რუსეთის ყველა დაგებულ ხაფანგში რომ ვტუცეთ ფეხი. არ შემიძლია, ვერ ვუცქერ, 9 აპრილის დოკუმენტურ კადრებს, ვერც იმას ვუსმენ, პოლიტიკოსები რომ ყბედობენ ხოლმე 9 აპრილზე, ისინი პოლიტიზირებული პლატფორმიდან გვაწვდიან გმირებს, რათა პოლიტიზირებულ პლატფორმაზე შეგვიპატიჟონ. იმ სისხლიანი, იმპერიისგან დადგმული, ზუსტად გათვლილი ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლის მამამ თქვა: “ჩემს შვილს მაშინ მივიჩნევდი გმირად, საშველი რომ დადგომოდა ჩვენს სამშობლოსო”. ნაღდია, გულშია გამოტარებული, გამონატანჯია იმ ბატონის ოჯახური ტრაგედია, ვისი ქალიშვილიც 9 აპრილის ღამეს ემსხვერპლა. ქედს ვიხრი თითოეული მსხვერპლის წინაშე, მათ მარადიულ სასუფეველში დაიდეს ბინა. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რაღაც ტკიოდათ, უხაროდათ, ეოცნებებოდათ, იყვნენ და იმპერიის მზაკვრული ჩანაფიქრით, აღარ არიან ჩვენს შორის, იმპერიის ყველაზე დიდი ცინიზმი კი იმაშია, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებს, რათა მთელი ერის რაციონალური, გაწონასწორებული მდგომარეობა დაარღვიოს, მოვლენათა რიგი ემოციურ ჭრილში წარმართოს, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოიწვიოს სიძულვილით სიბრმავე.

სამწუხაროდ, მოუხერხდათ…

ერთგან მოგწერე, კარგამოკეტილმა ცხოვრებამ ცრუმორწმუნე გამხადა – მეთქი. დადარაჯებული ველოდი ნასესხების დღეებს, იქნებ რამე ნიშანი მეწვიოს, სულ მცირედი ნიშანი, რაც ერთ ადგილას გახირულ რომანს გაატოკებს და დაძრავს – მეთქი.

შენ არ მომიკვდე, არც არაფერი…

1 2 3 4 5 6